ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

პუბლიკა

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.

სანქციები შეეხება 16 პირსა და სამ ორგანიზაციას, რომლებიც 2026 წლის იანვარში გამართული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში მონაწილეობდნენ, რამაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია.

ევროკავშირის სანქციები შეეხო ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს უსაფრთხოების საკითხებში და ასევე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ადგილობრივი შტოების სხვადასხვა მეთაურს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში.

გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ სანქციების სიაში შეიყვანა ირანის სასამართლოს წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, მათ შორის ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების, ასევე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნაში.

საბჭო აცხადებს, რომ ამ პირებიდან ზოგიერთი პასუხისმგებელია იძულებით აღიარებითი ჩვენების გამოძალვაზე, სამართლიანი სასამართლო პროცესის გარანტიების დარღვევასა და მშვიდობიანი აქტივისტების წინააღმდეგ მკაცრი სასჯელების გამოტანაზე.

ევროკავშირმა ირანში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით ამ დროისთვის სანქციები უკვე დაუწესა 263 ფიზიკურ და 53 იურიდიულ პირს.

სანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებს აქტივები ეყინებათ, ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსური რესურსების გადაცემა. ფიზიკური პირებისთვის ასევე მოქმედებს სავიზო შეზღუდვა, რაც ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან მისი გავლით გადაადგილება.