ევროკავშირმა უკრაინასთან „დრონების შეთანხმება“ გააფორმა და დრონებისთვის დამატებით მილიარდი ევრო გამოყო

პუბლიკა

ევროკავშირმა უკრაინასთან თავდაცვის ინდუსტრიული პარტნიორობა  გააფორმა.

ევროკომისიამ ასევე  წარადგინა „ევროკავშირ-უკრაინის დრონების შეთანხმება“ უპილოტო საფრენი აპარატებისა და ანტიდრონული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

გარდა ამისა, ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების მხარდასაჭერად, უკრაინის მხარდაჭერის 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში, კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა:

„ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული პარტნიორობა უკრაინის თავდაცვის ეკონომიკას ზუსტად ისევე აინტეგრირებს, როგორც ამას ჩვენს ბაზრებზე ვაკეთებთ, ბარიერების მაქსიმალურად სწრაფი აღმოფხვრითა და ჩვენი სტანდარტების ჰარმონიზაციით, თავდაცვის შესყიდვებიდან დაწყებული, ინტელექტუალური საკუთრების დაცვით დამთავრებული.

ეს ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიებს მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ ერთად მივმართავთ ჩვენს საერთო სამრეწველო ძალას ჩვენივე საერთო უსაფრთხოებისათვის.“

ევროკომისიის ცნობით, ეს ინიციატივები უკრაინულ და ევროპულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, დააჩქარონ კრიტიკული თავდაცვის საშუალებების განვითარება, გააძლიერონ ერთობლივი სამრეწველო წარმოება და ერთად იმუშაონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ თავდაცვის კვლევებსა და განვითარებაზე.

ევროკავშირ-უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიული პარტნიორობა

ევროკავშირი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის ბოლომდე ხელს შეუწყობენ დრონებისა და ანტიდრონული სისტემების ერთობლივ წარმოებას უკრაინასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

ევროკომისიის პრესრელიზის მიხედვით, შეთანხმების მიზანია დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოცდილი საშუალებების სწრაფი წარმოება და დანერგვა.

ამასთანავე, შეთანხმება უზრუნველყოფს გრძელვადიან პროგნოზირებადობას, რაც აუცილებელია როგორც უკრაინაში, ისე ევროკავშირში ინვესტიციების გასაძლიერებლად და თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობების გასაფართოებლად.

ევროკომისიის მიხედვით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს დაბალი და საშუალო დიაპაზონის დრონებისა და რაკეტებისგან თავდაცვას; ბრძოლაში გამოცდილი იმ სადესანტო სისტემების ფართო მასშტაბით დანერგვას, რომლებიც შესაძლოა უკრაინის ტერიტორიის გარეთ ინახებოდეს, და ორივე მხარის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის უზრუნველყოფას იმ სტაბილურობით, რომელიც ინვესტიციებისა და წარმოების გადამწყვეტი ზრდისთვისაა საჭირო.

ევროკავშირი და უკრაინა თავდაცვის ინდუსტრიულ თანამშრომლობას 2028 წლისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების ერთობლივ წარმოებამდე გააფართოებენ, რაც ხელს შეუწყობს საჰაერო თავდაცვის კრიტიკული ხარვეზების აღმოფხვრას.

შეთანხმების მიხედვით, პარტნიორობა პრიორიტეტს მიანიჭებს ხარჯთეფექტურ სარაკეტო სისტემებს, ამავდროულად კი გააგრძელებს სხვა არსებითი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის საარტილერიო წარმოებასა და ძირითადი მიწოდების ჯაჭვების გამართვას.

ევროკავშირ-უკრაინის „დრონების შეთანხმება“

პრესრელიზის მიხედვით, „ევროკავშირ-უკრაინის დრონების შეთანხმება“ გააერთიანებს ევროპის სამრეწველო პოტენციალსა და უკრაინის გამოცდილებას დრონების ინოვაციების სფეროში. შეთანხმება დააკავშირებს უკრაინის საბრძოლო პირობებში გამოცდილ შესაძლებლობებს ევროპის სამრეწველო სიმძლავრესა და წარმოების მასშტაბებთან, რაც ხელს შეუწყობს მიზნობრივი ტექნოლოგიების გადაცემასა და ინვესტიციებს ორმაგი დანიშნულების სექტორებში უკრაინის მასშტაბით.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეთანხმება დააჩქარებს ახალი თაობის დრონებისა და ანტიდრონული სისტემების განვითარებასა და წარმოებას, რაც უზრუნველყოფს უკრაინისთვის მისთვის დღეს საჭირო შესაძლებლობების მიწოდებას, ხოლო ევროპის თავდაცვის მზადყოფნას მომავლისთვის გააძლიერებს.

ევროკომისია მუშაობს, რომ მომზადდეს 18 დამფუძნებელი წევრის პირველი შეხვედრა, რომელიც სექტემბერში ბრიუსელში იგეგმება.

1 მილიარდი ევრო დრონებისთვის 90-მილიარდიანი „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ ფარგლებში

მილიარდი ევრო დრონების შესასყიდად მეორე გადარიცხვაა უკრაინის მხარდაჭერის სესხის 6-მილიარდიანი ტრანშიდან.

პრესრელიზის მიხედვით, მომავლის პერსპექტივაში, კომისიამ ასევე დაამტკიცა 10 მილიარდი ევროს ოდენობის გადარიცხვის გეგმა დამატებითი დრონების, რაკეტებისა და გამანადგურებელი თვითმფრინავების დასაფინანსებლად.