Facebook-მა რუსეთთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ანგარიში გააუქმა

ვასკა მათითაიშვილი

ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, Facebook-მა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული 78 ანგარიში, 11 გვერდი, 29 ჯგუფი და  Instagram-ის 4 ანგარიში გააუქმა. გაუქმებული ანგარიშები არღვევდა უცხოური ინტერვენციისა და სახელისუფლებო ჩარევის შესახებ Facebook-ის წესებს. ანგარიშები უმეტესწილად რუსულია და მათი საქმიანობა, ძირითადად, უკრაინასა და სხვა მეზობელ ქვეყნებზე იყო ორიენტირებული.

„ამ ქმედებების უკან მდგარი პირები თავს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებად ასაღებდნენ… და იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს სხვადასხვა ჯგუფისა და გვერდების შესაქმნელად, სხვადასხვა შინაარსის ამბებზე კომენტარებისა და მოსაზრებების გავრცელების მიზნით“, – წერია Facebook-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ყალბი ანგარიშები, ძირითადად, რუსულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე ავრცელებდნენ ინფორმაციებს. ინფორმაციები, ძირითადად, უკრაინის ადგილობრივ პოლიტიკურ სიახლეებს, ადგილობრივ პოლიტიკურ ფიგურებს, რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო მოქმედებებსა და ყირიმში ეთნიკური წმენდის საკითხებს შეეხებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგარმა პირებმა სცადეს თავიანთი იდენტობისა და კოორდინაციის დაფარვა, ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა მათი კავშირი რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან“, – წერია განცხადებაში.