„ფაიზერის“ დოზები გაიყოფა ორად. აცრილებს სამ კვირაში განმეორებით აცრას შევთავაზებთ | გაბუნია

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უკვე „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინითაც შესაძლებელია. პრეპარატის 29 250 ათასი დოზა ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

მედპერსონალთან ერთად, ვაქცინის გაკეთებას 65 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ. რეგისტრაცია 65 წელს ზემოთ პირებისთვის გუშინ საღამოს 6 საათიდან გაიხსნა. დღევანდელი მონაცემებით, ადგილები უკვე სრულად არის შევსებული თბილისის 4-ივე კლინიკაში. რაც შეეხება ბათუმსა და ქუთაისს, „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის ჯავშნის გრაფა ამ დროისთვის [05:40] კვლავ ხელმისაწვდომია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, „ფაიზერის“ 29 ათასზე მეტი დოზა, რომელიც ქვეყანამ მიიღო გაიყოფა ორად და იმ პირებს ვინც გაიკეთებს პირველ დოზას განმეორებით ვაქცინაციას სამ კვირაში შესთავაზებენ.

„14 500 ადამიანისთვის საკმარისი დოზები გვაქვს ჩვენ. ის დოზები რაც მივიღეთ 29 250 ათასი დოზა გაიყოფა ორად და ჩვენ შევინახავთ 14 500 დოზას იმისთვის, რომ ვინც აიცრება მომდევნო კვირას „ფაიზერის“ ვაქცინით სამ კვირაში შევთავაზოთ განმეორებითი აცრა და ამით შეუსრულდებათ სრული ვაქცინაცია. ჩვენ რაც გვაქვს ეს დოზები ამას გავყოფთ ორად.“ – განაცხადა გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ამ ეტაპზე ფაიზერით აცრა 6 სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება. თბილისში ასეთი ოთხია, ესენია: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა, აჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია შესაძლებელი , ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში.

Pfizer-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი სამშაბათიდან დაიწყება. ისევე როგორც “ასტრაზენეკას” შემთხვევაში, Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგაც, პაციენტი ადგილზე 45 წუთის განმავლობაში უნდა გაჩერდეს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაცია კი აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება, ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად. აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა.