ფასილიტატორები ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდებიან - ოქრუაშვილი

პუბლიკა

ფასილიტატორები ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია „TV პირველის“ ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა, ალეკო ელისაშვილმა და ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურეს.

თავდაპირველად ინფორმაცია ოპოზიციასთან ცალ-ცალკე შეხვედრის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ თქვა, რაზეც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ „უკვე გაბაზრდა“.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ უნდა გავრცელებულიყო.

ირაკლი ოქრუაშვილმა კი დააზუსტა, რომ ოპოზიციის ლიდერები ცალ-ცალკე არა ხელისუფლებამ, არამედ ფასილიტატორებმა დაიბარეს.

„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ფასილიტატორების სურვილი კრიზისის განმუხტვაა.

„ცხოვრებაში არ დავტანჯულვარ ასე. პირველად ვიყავი ასეთ მოლაპარაკებაზე; შევთანხმდით, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებდით და ყველას დეტალები აინტერესებს, ვერ ვყვები ამ დეტალებს და მეც დავიტანჯე და ყველა დავტანჯე.

იქ ჩვეულებრივი აზრთა გაცვლა-გამოცვლაა. ერთადერთი კარგი ის არის, რომ გაცილებით საქმიანად და კორექტულად მიმდინარეობს ეს.

როგორც ქართველს, არ მომწონს, რომ ელჩების გარეშე ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით. იმ ხალხს უნდა, რომ კრიზისი განიმუხტოს, ჩვენც გვინდა. ერთადერთი, ვინც არის გაჯიქებული და გაჯიუტებული, ის ხალხია, ვინც არჩევნები გააყალბა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პოლიტიკოსებს აღარ დაუკონკრეტებიათ, გაგრძელდება ერთი-ერთზე შეხვედრები თუ მოლაპარაკებებს ისევ გაერთიანებულად გააგრძელებენ.

მოგვიანებით, უკვე „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ასეთი ფორმატი პირველი არ არის; მისი თქმით, რაუნდებს შორის ეს არის „რეგულარული ფორმატი, გაგრძელება შეხვედრბის ინდივიდუალურად ელჩებთან“.

„დეტალებს ვერ გეტყვით; ბუნებრივია, რადგანაც იმართება შეხვედრები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩვენი პარტნიორების მედიაციით, მერე თანმდევი სამუშაო პროცესი არის ასე პარალელური ორმხრივი შეხვედრებიც. დარწმუნებული ვარ, ასევე აქვთ შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ცალკეული შეხვედრები ოპოზიციის ლიდერებსა და ელჩებს შორის რეგულარულად მიმდინარეობს.