ფეისბუქის ჯგუფზე პაპუაშვილის განცხადება მმართველი პარტიის ოფიციალურმა გვერდმაც გააზიარა

პუბლიკა

„თავისუფლების გამავრცელებელი ჯგუფის“ შესახებ უმრავლესობის დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება ამჯერად მმართველმა პარტიამ სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე გააზიარა.

ეს მეორე განცხადებაა, რომელშიც შალვა პაპუაშვილი „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ ჯგუფზე საუბრობს.

პირველი გამოხმაურება გუშინ გავრცელდა. პაპუაშვილი წერდა, რომ „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ ჯგუფში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა მის ფეისბუქგვერდზე „შემოსევის ბრძანება“ გასცა.

„სიტყვა „მანიაკი“ ისმის ეს ბოლო პერიოდი. რა ვიცი, თუ რამეა მანიაკობა, ალბათ, სწორედ ასეთ ჯგუფებში ადამიანზე თავდასხმის დაგეგმვა, ზომბებივით სხვის პროფილებზე შესევა, ზიზღის დანთხევა და ამით ვირტუალური სიამოვნების მიღებაა.“ – წერდა პაპუაშვილი.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი, წერს, რომ „სასწაული ხალხი აღმოჩნდა ეს „სირცხვილიას“ მიერ ადმინისტრირებული „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება“ და რაკი მათი ყურადღება მიიპყრო, ერთ რჩევასაც მისცემს.

„ეგ დახურული ჯგუფი გახსენით. ცოტა მზის შუქი შეუშვით. თავისუფლებას თუ ავრცელებთ და ამტკიცებთ, რომ ჰეითერები არ ხართ, იყავით ღია და გამჭვირვალე. რა გაქვთ დასამალი? გახეთქეთ ბაბლი. იქნებ თქვენთან დაგროვილი თავისუფლებაა, რომელიც ასე გვაკლია. გადმოიღვრება და ჩვენც ჩავიხუტებთ.” – წერს პაპუაშვილი.