ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო

პუბლიკა

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. საფეხბურთო ტურნირებზე კორონავირუსის პანდემიის გავლენაზე სასაუბროდ UEFA 55 ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციასთან ვიდეოკონფერენციას მართავს. ევროპის ჩემპიონატის გადადებაზე ინფორმაცია კი კონფერენციის დაწყებიდან 17 წუთში ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციამ Twitter-ზე გაავრცელა. ინფორმაცია Reuters-თან დაადასტურა შვედეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კარლ-ერიკ ნილსონმაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატი, რომელიც წელს 12 ივინისიდან 12 ივლისამდე უნდა გამართულიყო, 2021 წელს 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

ტურნირის გადადებაზე საუბარი რამდენიმე დღეა მიდის. როგორც The Guardian წერს, გასულ კვირას UEFA-მ კოპენჰაგენში, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი იყო, სასტუმროებში ყველა ჯავშანი გააუქმა.

ამ ზაფხულს გამოთავისუფლებული დრო ფეხბურთის ასოციაციებს დროს მისცემს, რომ დაასრულონ შიდა ტურნირები და მოემზადონ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის.