ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს – მათ სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს 7 ადამიანის სამძებრო სამუშაოები, რომელთა შორის 3 ბავშვია.
„ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები. მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.
ოთხი პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა.
ასევე მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფელის დადგენა. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს“, – თქვა თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.
„ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო. ეს შემიძლია გითხრათ“, – თქვა მინისტრმა.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა აღენიშნება, რასაც ემატება სასუნთქი გზების დაზიანებაც.
„დაახლოებით ერთი საათის წინ ჩვენს კლინიკაში 31 წლამდე ახალგაზრდა კაცი შემოიყვანეს. მას აღენიშნება სხეულის დაახლოებით 87%-იანი თერმული დამწვრობა, რასაც ემატება სასუნთქი გზების დაზიანებაც. ეს დაზიანებები, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად მიიღო. რეანიმაციის განყოფილებაშია. სამწუხაროდ, დიაგნოზი ძალიან მძიმეა“, – განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“ ქაშიბაძემ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელიც. მედიასთან კომენტარში ირაკლი დეკანოიძემ აღნიშნა, რომ კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანიის მონაცემთა ბაზაში დაკეტილად არის აღრიცხული და წლის განმავლობაში გაზის მოხმარება არ ფიქსირდება
„სამწუხაროდ, ჩვენ თანამშრომლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილი დაგვეთვალიერებინა, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, ჩვენ სხვა ვერსია არ გვაქვს, გარდა იმის, რაც მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებიდან…
ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინება არ დაფიქსირებულა. ბოლო სართულზე მდებარე ეს ბინა ჩვენს ბაზაში დაკეტილად ირიცხება, თუმცა, როგორც ჩანს, იქ ადამიანები პერიოდულად მაინც შედიოდნენ.
მიმდინარე წელს ბინაში გაზის მოხმარება არ ფიქსირდება. ბოლო ორი წელია, ამ მისამართიდან არანაირი სახის გამოძახება არ ყოფილა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე წლის განმავლობაში ბინების გეგმური დათვალიერება ტარდება. კონკრეტული ბინა ჩვენთან დაკეტილად ფიქსირდება და ხარჯი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
აფეთქების ადგილზე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები – მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე მუნიციპალური სამსახურები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.