ფოთის #1 უბანზე ფიქსირდება სავარაუდო კარუსელის ფაქტი - „ლელო“

პუბლიკა

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და 12 საათიდან 14:00 საათამდე სხვადასხვა საარჩევნო ოლქში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

დათუნაშვილის თქმით, დროის ამ მონაკვეთში გამოვლინდა დარღვევის 14 ფაქტი, რომლიდანაც უმრავლესობა მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„12:00 საათიდან ამ მომენტამდე 14-მდე დარღვევა დავაფიქსირეთ. ძირითადი აქცენტი მინდა, გავაკეთო ამომრჩევლის მოსყიდვისა და მათი არჩევანზე ზეგავლენის ფაქტებზე. მასობრივად ხდება ასეთი შემთხვევები“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა და პარტიის ხელთ არსებული დარღვევები გაასაჯაროვა:

1. საბურთალოს #40 უბანი – უცნობმა პირმა, რომელიც არც კომისიის წევრია და არც დამკვირვებელი, აიღო სია უბნის ტერიტორიიდან, მაგიდიდან და გაიტანა გარეთ.

2. საბურთალოს #31 უბანზე – პირი დარეგისტრირდა წარმომადგენლად და უბნის მახლობლად 60-მეტრიანი რადიუსის დარღვევით ეწევა „ოცნების“ სასარგებლო აგიტაციას.

3. კასპის #1 უბანზე ხმა მისცა პიროვნებამ, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში ფიქსირდებოდა.

4. რუსთავის #55 უბანზე არ ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება, კერძოდ, კომისიის წევრი, ვინც ამოწმებს პირადობის მოწმობას, არ სთხოვს ამომრჩეველს პირბადის დროებით მოხსნას იდენტიფიცირებისთვის.

5. ქედის #3 უბანი, სოფელი ბორცვა – ადამიანებს აქვთ დასურათებული ამომრჩეველთა სიები, რომლებიც ძალიან ჰგავს სამაგიდო სიებს. ამ სიების მიხედვით გარკვეული პირები ახდენენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას.

6. ხულოში – სოფელ ზემო ვაშლოვანის უბანზე წარმომადგენელი „ოცნებიდან“ ფოტოს უღებს ყველა ადამიანს, ვინც გამოცხადდება საარჩევნო უბანზე.

7. ოზურგეთის #11 უბანზე, სოფელ ლაითურში, თავგასულობის ახალი სიმაღლე დაგვანახეს – უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ოცნების“ კოორდინატორები პირდაპირ და ღიად არიგებენ ფულს ხმების სანაცვლოდ.

8. ჭიათურაში #53 – სოფელ წასში და #31 სოფელ დარკვეთის საარჩევნო უბანთან, უბნის მახლობლად გაჩერებულია „ოცნების“ წარმომადგენლების მანქანები, გაჰყავთ გვერდზე ადგილზე მისული ამომრჩეველი და, სავარაუდოდ, არიგებენ ფულს.

9. მთაწმინდის #16, 10 და 23 უბნებზე – უბნების წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დგანან დასურათებული სიებით და ინიშნავენ მომსვლელებს, ხოლო #12 უბანზე ფოტოებს უღებენ უბნის შესასვლელთან ამომრჩევლებს. სიები შეიცავს პირად ინფორმაციას.

10. ხარაგაულის #36 უბანთან, სოფელ ისრალში, აიპის თანამშრომელი გიორგი ჭიპაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თემურ ჭიპაშვილი მოუწოდებენ ამომრჩეველს უბანთან, რომ ფოტოები გადაუღონ შემოხაზულ ბიულეტენს და აჩვენონ მათ.

11. ფოთის #1 უბანი – ფიქსირდება სავარაუდო კარუსელის ფაქტი, „ლელოს“ მხარდამჭერები, ერთი ოჯახიდან 4 ადამიანი გამოცხადდა უბანზე და მათ ადგილას სიაში უკვე ხელი მოწერილი დახვდათ ოთხივეს შემთხვევაში.

12. ქუთაისის #74 უბანზე, დეზინფექციის მიზნით, დროებით შეწყდა კენჭისყრის პროცესი. ამ დროს კენჭისყრის დარბაზში დარჩა მხოლოდ დამლაგებელი, ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე. მცირე დროის შემდეგ კენჭისყრის პროცესი გაგრძელდა.