ფოტო | ჟურნალისტების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

პუბლიკა

„უსაფრთხო მედიაგარემოსთვის“ – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

5 ივლისს ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმსხვრიეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

მედიის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები არ იცავდნენ მათ უსაფრთხოებას და შორიდან ადევნებდნენ თვალს მათზე განხორციელებულ ძალადობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. დაკავებულია მხოლოდ 6 პირი.

ქარტიის მოთხოვნებია:

  • შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე;
  • დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.
  • მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე.