Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს რეიტინგი წელსაც გაუარესდა

პუბლიკა

Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში „თავისუფლება მსოფლიოში 2021“ საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით ერთი პუნქტით გაუარესდა და 60 ქულას შეადგენს.

საქართველოს რეიტინგი 2017-18 წლებში 64 ქულა იყო; 2019 წელს კი – 63.

ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით, 0 ქულით ყველაზე ნაკლებად თავისუფალი, ხოლო 100 ქულით ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ფასდება. საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყანად რჩება.

საქართველო პოლიტიკური უფლებები ნაწილში 23/40 ქულით არის შეფასებული, სამოქალაქო უფლებების ნაწილში კი 37/60 ქულით.

„საქართველო რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს ატარებს. ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაუმჯობესების ნიშნები გამოჩნდა ხელისუფლების გადაცემის პერიოდში 2012-13 წლებში, თუმცა ბოლო წლებში უკუსვლა შეინიშნება. ოლიგარქიული გავლენა თავის კვალს ტოვებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსზე, მედიაგარემოზე და პოლიტიზება კანონის უზენაესობას ძირს უთხრის. სამოქალაქო უფლებები არასათანადოდ არის დაცული“, – აღნიშნულია საქართველოს შესახებ მიმოხილვაში.

2020 წლის საკვანძო მოვლენებს შორის დასახელებულია საარჩევნო სისტემის ცვლილება. ასევე, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ შეზღუდვები საფრთხის პროპოციულად არის შეფასებული, თუმცა ხაზგასმულია, რომ საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ტენდერებში პროსამთავრობო ბიზნესმენები იმარჯვებდნენ.

ანგარიშში საპარლამენტო არჩევნების შესახებ აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ მესამედ გაიმარჯვა, „თუმცა საარჩევნო გარემო გაუარესდა ხმების მოსყიდვით, ძალადობის შემთხვევებით, მონაცემთა ცხრილში აშკარა შეცდომებით, რამაც ოპოზიციას ბოიკოტისკენ უბიძგა“.