გაბუნია: მივმართეთ COVAX-ს და მოვითხოვეთ განმარტება

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ბრიფინგი გაიმართა.

თამარ გაბუნიამ საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია, რა ეტაპზეა საქართველოთვის Pfizer-ის ვაქცინის მიწოდება და რა შეფერხება შეხვდა ქვეყანას.

მისი განმრტებით, საქართველომ ვაქცინის მისაღებად შეასრულა ყველა პირობა, დააკმაყოფილა ტექნიკური მხარე და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა კოვაქსის პლატფორმას. COVAX-მა სამინისტროს აცნობა, რომ არის გარკვეული დამატებით მოთხოვნები Pfizer-ის მიერ, რომელიც, მინისტრის მოადგილის მტკიცებით, არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან. თამარ გაბუნიას განმარტებით,  COVAX-ის 23 თებერვლის წერილში დეტალები დაზუსტებული არ იყო.

მისივე თქმით, დღემდე ელოდებიან  Pfizer-ისგან და COVAX-ისგან სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, რომ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ტექნიკური და იურიდიული მზაობა ყველა ამ პირობის მიღებისთვის ქვეყანაში არსებობს.

„ქართული მხარის მიერ Pfizer-თან მიმართებაში შეფერხება არ ყოფილა არცერთი წუთი და როგორც კი გვექნება Pfizer-ის საბოლოო დასტური, ქართული მხარე ამ ნაწილს დახურავს და გადავალთ მოლაპარაკების ფინანსურ ნაწილზე“, – განმარტა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე COVAX-პლატფორმის მიერ IPN-ისთვის მიწოდებულ პასუხსაც გამოეხმაურა.

თამარ გაბუნიას თქმით, მიმართეს COVAX-ს და ითხოვეს ამ განცხადების განმარტება, რადგან 22 თებერვლის წერილში პლატფორმას გადავადების მიზეზად მითითებული აქვს  Pfizer-ის მიერ დამატებით მოთხოვნის დაყენება.

„ძალიან უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად. ის, რაც წერია „ინტერპრესნიუსის“ განცხადებაში, იკითხება ცალსახად ისე, რომ  ქვეყანამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რაც არ არის სწორი. ქვეყანამ მიიღო დამატებითი მოთხოვნები Pfizer-ისგან, ამას სჭირდება დამატებითი მოლაპარაკება, სადაც დაზუსტება პირობები და ორმხრივად მოეწერება ხელი. კოვაქსი გააკეთებს განმართებას იმაზე, თუ რატომ მოხდა მისი განცხადების ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია“, – განაცხადა გაბუნიამ.