„გადადგეს და დაისაჯოს ირაკლი ღარიბაშვილი“ | აქციაზე ჟურნალისტები სიტყვით გამოდიან

პუბლიკა

„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – ამ მოწოდებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ  „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილები არიან ჟურნალისტები, სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლები, აქტივისტები, პოლიტიკოსები. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

ამ წუთას აქციაზე სიტყვით გამოდიან „TV პირველის“ ჟურნალისტები და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები. ჟურნალისტმა ვახო სანაიამ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას დრო დილამდე აქვს, უნდა გადადგეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრებიც.

„ჩვენ ცოცხლები ვართ და ჩვენ არ შევეგუებით სიკვდილის რაზმებს თბილისის ცენტრში. პრემიერი უნდა გადადგეს და მიჰყვეს მთელი მთავრობა, მარტო გადადგომა არ არის საკმარისი, ჩემ უკან არის ბანერი, რომელსაც აწერია გადადგეს და დაისაჯოს ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობა, რომელმაც თბილისის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა.  ეს იყო მკვლელობა, რუსეთიდან დაფინანსებული ძალები, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალები, რომლენიც არიან შეთანხმებულნი და თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობასთან, უნდა დაისაჯონ.

ჩვენ არ ვართ 53 მხოლოდ, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდით, ჩვენ მთელი საქართველო ვართ. ჩვენ არ გავჩერდებით,  ჩვენ არ გვეშინია თქვენი. ყოველთვის იყო მოწოდება, რომ „არ მომკლა“, დღეს ჩვენი მოწოდებაა – „ ვერ მოგვკლავთ“. აუცილებლად შევცვლით ამ მთავრობას, რომელიც აუცილებლად უნდა გადადგეს და პასუხი აგოს ჩვენი კოლეგის მკვლელობაზე.

ამიტომ ბიძინა ივანიშვილს საფიქრალად აქვს დილამდე. ღარიბაშვილი აღარ არის დღეიდან პრემიერ-მინისტრი. ის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი  და ის უნდა წავიდეს“, – განაცხადა ვახო სანაიამ.


ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვილი იპოვნეს.

ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს „სირცხვილიას” ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს: „ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ,  20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.

ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული. ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.