გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს, პატიმარია და მოიხადოს სასჯელი - პრემიერი სააკაშვილზე

პუბლიკა

„გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას.

პრემიერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის [უცხოეთში] გადაყვანის შესახებ საუბარი არის სპეკულაცია და არაადეკვატურია.

„ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა, გადმოყვანა – არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე, არის სრული სპეკულაცია. რა თქმა უნდა, არაადეკვატურია ეს ყველაფერი, არავითარი საფუძველი არ არსებობს. ყველას მოგიწოდებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – თქვა მან გურიაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ, 11 მაისს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.