გაიზრდება სპორტის დაფინანსება - სამთავრობო პროგრამა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა წარედგინა.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, მომდევნო წლებში დაგეგმილია მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის დაფინანსების გაზრდა.

პროფესიული სპორტის განვითარების მიზნით, პროგრამის მიხედვით, გაგრძელდება ქვეყნის ნაკრები გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მოწყობა, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარება, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და სპორტის ეროვნული სახეობების განვითარების ხელშეწყობა.

მთავრობა აპირებს, სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატების/ტურნირების საქართველოში მასპინძლობისათვის აქტიური მხარდაჭერას: საქართველო უმასპინძლებს ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს, როგორებიცაა: 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში და 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.

„შეიქმნება სპორტული დავების განხილვების ქმედითი სისტემა. დაინერგება სპორტსმენთა უფლებების დაცვისა და მათი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართვის მოდელი;

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეიქმნება სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ქმედითი მოდელი, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის ეფექტიან თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული, “- ნათქვამია პროგრამაში.