გამაოგნებელია პარლამენტში შესული ოპოზიციის დუმილი - აქტივისტები სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრების პროექტზე

პუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობებისა და აქტივისტების ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტს ეხმაურება, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

მათი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული მექანიზმის გაძლიერება გასაკვირი არ არის, თუმცა მათთვის გამაოგნებელია კრიზისის დაძლევის და პოლარიზაციის დასრულების მოტივით პარლამენტში შესული ოპოზიციის დუმილი.

„ჩვენ არ მოგვისმენია მათი არც ერთი კრიტიკული განცხადება. ამ ნაბიჯით პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ არა მხოლოდ უარი თქვა ჩვენი, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვაზე, არამედ პროტესტი არ გამოხატა ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების – სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვის შესახებ, რაც საპარლამენტო ოპიზიციის მხრიდან კიდევ უფრო გამაოგნებელი ნაბიჯია“, – აცხადებენ აქტივისტები.

განცხადებას ხელს აწერენ:

მოძრაობა „შეცვალე“

„დემოკრატიული მომავლისთვის“

„მოძრაობა საქართველოსთვის“

„ალტერნატივა“

სამოქალაქო აქტივისტი – შუშანა მაცაბერიძე

სამოქალაქო აქტივისტი – თამთა გოგოლაძე


„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 21 აპრილს პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლში ცვლილებს ითვალისწინებს. ცვლილება ეხება 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებს.