გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ამ შეთანხმებას - ღარიბაშვილი მიშელის დოკუმენტზე

პუბლიკა

„გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ამ შეთანხმებას. „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ეს ხელმოწერა არის ფარსი და ტყუილი“, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან დაბრუნდება გამორიცხა.

„ეს არის ფარსი და სიყალბე. ჩვენ ამის თაობაზე განვაცხადეთ, რომ ამ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როცა ჩვენ, ყველამ ერთად ჩვენი დიდი მეგობრების – შარლ მიშელის, ამერიკის ელჩის უშუალო მონაწილეობით, მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და მაშინ ყველამ მოვაწერეთ ხელი ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც მაშინ არსებობდა. შეურაცხყოფა მიაყენეს მათ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერა ხელი. პარტიის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მათი გადაწყვეტილების მიზანია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შესაძლებლობა, ზურგი აქციოს ქვეყნის დასავლურ საგარეო კურსს.

28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.