განაცდურის მიღება და სოცმუშაკის პოზიციაზე დაბრუნება | მაღრაძის დავა სააპელაციოში მორიგებით დასრულდა

პუბლიკა

თეა მაღრაძე სოციალური მომსახურების სააგენტოდან 2020 წელს რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებული 33 სოციალური მუშაკიდან ერთ-ერთია. მან პირველი ინსტანციის სასამართლო სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ზრუნვის სააგენტოს წინააღმდეგ მოიგო, ხოლო სააპელაციო სასამართლოში დავა მორიგებით დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოცმუშაკთა გაერთიანება ავრცელებს. თეა მაღრაძე სოცმუშაკთა პროფესიული კავშირის დამფუძნებელი და წევრია.

სოციალური მუშაკი მიიღებს განაცდურს და დაბრუნდება სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოში სოციალური მუშაკის პოზოციაზე. თეა მაღრაძის ინტერესებს სასამართლოში „სოლიდარობის ქსელი“ იცავდა.

2020 წლის 17  ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალური მუშაკის თეა მაღრაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. სასამართლომ ახალ, ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაავალა განაცდურის ანაზღაურება (გარდა გამონაკლისი პერიოდისა) და სოცმუშაკის სამსახურში აღდგენა. ამის შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში წავიდა.


2020 წლის 29 იანვარს „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ ინფორმაციით, 33 სოციალურ მუშაკს გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი შეტყობინება მიუვიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაგზავნილ შეტყობინებაში ეწერა, რომ ისინი გათავისუფლდნენ და 1 თებერვლიდან  შრომითი ხელშეკრულება შეუწყდებოდათ. სოცმუშაკების გათავისუფლების  მიზეზად უწყება რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებისთვის კი ეს მიზეზი ბუნდოვანია და სააგენტოსგან დასაბუთებულ პასუხს ითხოვენ –  კონკრეტულად რატომ, რის საფუძველზე  დაატოვებინეს სამსახური.