განათლების მინისტრის მოადგილე PISA-ზე: მონაცემები გაუარესებული არ არის

პუბლიკა

გუშინ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის, PISA-ს შედეგები გამოქვეყნდა. კვლევა მოსწავლეთა კომპეტენციებს აფასებს კითხვაში, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. შედეგების მიხედვით, საქართველოში მოსწავლეთა კომპეტენციები ამ საგნებში ქულების მიხედვით შემცირებულია.

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ამბობს, რომ მონაცემები გაუარასებული არ არის.

„PISA-ს მონაცემებზე როცა ვსაუბრობთ კარგად უნდა ვნახოთ ეს მონაცემები, იქ საუბარია OECD-ის ქვეყნების მონაცემებზე. საუბარია კოვიდის პერიოდზე და კოვიდის პერიოდში თუ მიაქცევთ ყურადღებას, ამაზე განმარტება გააკეთა NAEC-მაც, რომ მთლიანად ქვეყნების მონაცემები, არა მხოლოდ ჩვენი, არის გაუარესებული და ამის მიზეზი არის სწორედ კოვიდპანდემია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ არ გვახარებს, ის რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემები არ არის, ანუ იგივე მოცემულობაა, რაც იყო 2018 წელს, “- თქვა განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.

PISA ციკლური ხასიათის საერთაშორისო კვლევაა, რომელიც 2000 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევას ატარებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია(OECD) და მასში მონაწილეობენ ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნები. საქართველო PISA-ში 2009 წლიდან მონაწილეობს.

საქართველოში OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის ციკლი ჩატარდა COVID-19 პანდემიის კრიზისული ფაზის დროს.