განათლების პოლიტიკა ამიერიდან კვლევებსა და გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული - მინისტრი

პუბლიკა

„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ  უნდა დავიწყოთ ამ ქვეყანაში განათლების პოლიტიკის დაგეგმვა არა მინისტრის ან მისი გუნდის მსოფლმხედველობით, არამედ იმ გამოცდილებასა და კვლევებზე დაფუძნებით, რომლებიც აპრობირებულია მსოფლიოს ნებისმიერ წარმატებულ ქვეყანაში“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გამოსვლისას.

მინისტრს დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

„ამიტომ ჩვენ ეტაპობრივად ვიწყებთ განათლების პოლიტიკის დაგეგმვას კვლევების საფუძველზე და ამ კუთხით, იცით, ჩვენს სისტემაში შექმნილია ს(ს)იპ, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და სამი დიდი კვლევა, რომელიც ზოგად განათლებას უკავშირდება, უკვე ფინალურ ფაზაზეა და უახლოეს მომავალში იქნება რამდენიმე მათგანის პრეზენტაცია.

და სწორედ იმ მიგნებებს, რომლებიც იქ არის გათვალისწინებული, ეფუძნება ჩვენი ახალი რეფორმები და ხედვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ განათლების პოლიტიკა ამიერიდან იქნება კვლებებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული“, – განაცხადა მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების სისტემის დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე.

როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2023 წელს 2 მილიარდ 77 მილიონ, 780 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს ბიუჯეტი 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს.