„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ

პუბლიკა

არასამთავრობო სექტორი ეხმაურება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” შეტანილ ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი არაერთგზის უარყოფითად შეფასდა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. მათივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ არც ერთ კრიტიკულ კითხვასა და წამოჭრილ პრობლემურ საკითხს სათანადო პასუხი არ გაეცა და  გათვალისწინებული არ იქნა კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალი რეგულირება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვას, გარემოზე მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების, შემცირების და შერბილების ადეკვატურ რეგულირებას, ასევე, გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას.

„პრობლემური იყო ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანი და შინაარსობრივი მონაწილეობა. დაირღვა 2021 წლის 7 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ ერთადერთ სამუშაო შეხვედრაზე მიცემული პირობა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართებოდა დამატებითი შეხვედრები, რათა მომხდარიყო ცვლილებების დეტალური განხილვა, პასუხი გასცემოდა ყველა კითხვასა და საფუძვლიან შიშს, ასევე, მომხდარიყო ხარვეზების აღმოფხვრა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე;

ხელმომწერები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია);
  • მწვანე ალტერნატივა;
  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
  • საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის(საბუკო);
  • გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტი მამუკა გვილავა.
LB loan image desktop LB loan image mobile