გელათის კარიბჭის დაცვისთვის სააგენტომ დაცვა დაიქირავა, დამონტაჟდება სიგნალიზაციაც

პუბლიკა

გელათის სამონასტრო კომპლექსის გელათის კარიბჭის დაცვისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაცვის პოლიციის სამმართველოსთან ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტში ვკითხულობთ, გელათის კარიბჭეს ქუთაისის დაცვის პოლიციის 6 უმცროსი ინსპექტორი შესაბამისი რეჟიმით დაიცავს.

მომსახურების პერიოდი  5 თებერვალიდან 28 თებერვალის ჩათვლითაა გათვალისწინებული და 6 193 ლარს შეადგენს. მასში შედის ვიდეოკამერებით მომსახურეობის ფასიც.

ხელშეკრულებიდან ვიგებთ, რომ ობიექტზე მიმწოდებელმა დაამონტაჟა ასევე 5002 ლარის ღირებულების ვიდეოაპარატურა, რაც „დაცვის განხორციელების მიზნით გადაცემულია დამკვეთისათის დროებით სარგებლობაში”.

ამას გარდა, დამატებით გამოფორმდა კიდევ ერთი ხელშეკრულება, სიგნალიზაციის სისტემის დამონტაჟემის მიზნით. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ 518 ლარი შეადგინა დღგ-ის ჩათვლით.


თებერვლის დასაწყისში აზერბაიჯანული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ კარიმოვმა განჯის კარის (გელათის კარიბჭის) აზერბაიჯანისთვის დაბრუნების საკითხზე განხცადება გაავრცელა.

კარიმოვის განცხადებით, განჯის კარიბჭის დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ერთსულოვანი აზრი არ გამოუხატავს.

„მოლაპარაკება ადვილი არ არის. ჩვენი მიზანია აზერბაიჯანისთვის კარიბჭის დაბრუნება“, – განაცხადა კარიმოვმა.

ისტორიული ცნობების მიხედვით, დავით აღმშენებლის მემკვირდემ დემეტრე I-მა 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი.