გენერლები სტრატეგიას არ უწუნებენ ხოლმე ჯარისკაცებს – დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძეზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის შესახებ.

„გენერლები სტატეგიას არ უწუნებენ ხოლმე ჯარისკაცებს“ – ასე გამოეხმაურა ის ვაშაძის განცხადებას, რომელშიც პარტიის სტრატეგიის არარსებობის შესახებ საუბრობს.

„იცით, რა? მე ვფიქრობ, რომ როდესაც არის ადამიანი პარტიის თავმჯდომარე და ბრძოლის გარკვეულ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე მიაჩნია, რომ  რაღაც სწორი სტრატეგია უნდა იყოს, მაშინ კარგი იქნებოდა უფრო მეტი კომუნიკაცია მისი მხრიდან, ალბათ, პარტიასთან, ჩემი აზრით; გარკვეულწილად, ეს ალბათ შეეხებოდა ტაქტიკას, შეეხებოდა ბოიკოტის რეჟიმსაც…

მე მიმაჩნია, რომ ბატონ გრიგოლს და გვახსოვს, ალბათ, მისი პირველი განცხადება, როდესაც იგი მიიჩნევდა, რომ  ამ ეტაპზე ბრძოლის სხვა სტრატეგია უნდა აერჩია პარტიას, მაგრამ თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, ჩვენ ვართ ერთიანები ოპოზიციასთან ერთად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის განცხადებით, პარტიაში მუდმივად მიდის მსჯელობა და მისი თქმით, საქართველოში ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა  არაფორმალური მმართველობისგან საქართველოს გასათავისუფლებლად.

„ყველა თავის გზას თვითონ ირჩევს, როგორ გააგრძელებს საქმიანობას, მაგრამ პარტია გააგრძელებს იმ ბრძოლის რეჟიმში მოქმედებას, როგორც ეს სურს ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში ნახსენებ „ოდიოზურ ფიგურებსაც“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ იცის, ვისზე საუბრობს ვაშაძე.

„მე არ ვიცი, რომელ ოდიოზურ ფიგურებზე საუბრობდა ბატონი გრიგოლი; ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ პარტიაში ვინმეს ხედავთ ოდიოზურ ფიგურად, ეს, ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ, პირველ რიგში, ვის გულისხმობს სახელობითად;

ბატონი მერაბიშვილი არ იკავებს არც ერთ თანამდებობას პარტიაში და არ ვიცი, ვის გულისხმობს იგი იმ ოდიოზურ ფიგურებში, რომლებიც პარტიაში იყვნენ ან მასთან ჰქონდათ კომუნიკაცია“, – განაცხადა დეკანოიძემ.


გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს, 15 დეკემბერს, სოციალური ქსელით გაავრცელა.

„მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – წერს ის facebook-ზე.

ვაშაძემ წასვლის მიზეზად პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის არჩეული ტაქტიკა და პარტიული სტრატეგიის არარსებობა დაასახელა. მან ამავე სტატუსში ახსენა „ოდიოზური ფიგურები“, რომელთან ერთადაც, ვაშაძის განცხადებით, ენმ ვერასდროს მოიპოვებს ამომრჩევლის ნდობას.

გრიგოლ ვაშაძისთვის აღმაშფოთებელია „სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიაც“.