გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინით ხანშიშესულ ადამიანებსაც აცრის - BBC

პუბლიკა

გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინისადმი მიდგომას ცვლის. BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვაქცინას ხანშიშესული ადამიანებისთვისაც დაუშვებენ.

გერმანია ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს წარმოებულ ვაქცინას 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებში არ იყენებდა. ამიზი მიზეზი კვლევის ეტაპზე ხანშიშესულ ადამიანებზე ვაქცინის გავლენის შესახებ არასაკმარისი მონაცემების შეგროვება იყო.

BBC წერს, რომ გერმანიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ მოქალაქეებში AstraZeneca-ს ვაქცინისადმი უნდობლობა გააჩინა და ბევრი ვაქცინა ჯერ კიდევ გამოუყენებელია.

თუმცა, გერმანიის კანცლერის თქმით, დღეს მათ უკვე აქვთ საკმარისი მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა 65 წელს ზემოთ მყოფ ასაკობრივ ჯგუფშიც მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა.

რამდენიმე დღის წინ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ხანშიშესული ადამიანებისთვის დაიწყო საფრანგეთმაც, იმავეს აპირებს ბელგიაც.

AstraZeneca-ს ვაქცინას ყველა ასაკობრივ ჯგუფში თავიდანვე იყენებდა დიდი ბრიტანეთი. მისი გამოყენების ნებართვა გასცა ევროკავშირის მარეგულირებელმა უწყებამაც.

თუმცა, რამდენიმე ქვეყნის შიდა მარეგულირებელმა სააგენტომ გასცა რეკომენდაცია, რომ რადგან ვაქცინის ეფექტიანობა ხანშიშესული ადამიანების დიდ რაოდენობაზე არ იყო გამოკვლელული დროებით თავი შეეკავებინათ მისი გამოყენებისგან, სანამ საკმარისი მონაცემები არ შეგროვდებოდა.