GFF AWARDS 2020 | წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ქალი ფეხბურთელი კი - ხატია ჭყონია

პუბლიკა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყოველწლიურ ტრადიციულ დაჯილდოებაზე 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

მასთან ერთად ნომინანტები იყვნენ: დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი).

2020 წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელად ქსკ „ლანჩხუთის“ თავკაცი გიორგი ჩხაიძე დასახელდა, საუკეთესო ქალ ფეხბურთელად კი – „ლანჩხუთის“ თავდამსხმელი ხატია ჭყონია. მას მიენიჭა ასევე საუკეთესო გოლის ავტორის ტიტულიც.

გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით ქსკ „ლანჩხუთი“ უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალამდე მივიდა და ევროპის საუკეთესო 32 კლუბს შორის მოხვდა. ამ შედეგით გუნდმა ქართული ფეხბურთის ისტორია ხელახლა დაწერა.

ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეული იყო ხატია ჭყონიას დამსახურება. ყაზახეთისა და რუმინეთის კლუბებთან საქართველოს ჩემპიონმა 2:1 და 1:0 მოიგო, სამივე გოლი კი „ლანჩხუთის“ თავდამსხმელის ანგარიშზეა.

წლის საუკეთესო გოლად მის მიერ „კლუჟთან“ გატანილი ეს ბურთი მიიჩნიეს:

 

GFF AWARDS 2020-ის გამარჯვებულთა ვინაობა ასეთია:

2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი – დავით ბობოხიძე

ნომინანტები: დავით ბობოხიძე (თსუ), ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრები), ბესო ზოიძე (კპრფ, რუსეთი);

2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – სიმი საიოტი

ნომინანტები: სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (პეტროვი, ლატვია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი);

2020 წლის საუკეთესო მსაჯი – გიორგი კიკაჩეიშვილი;

2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ლუკა ლოჩოშვილი (ვოლსფბერგერი, ავსტრია).

GFF Awards 2020-ის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ზვიად დარასელს, დურმიშხან ჩხაიძეს და ვლადიმერ ონიანს სპეციალური ჯილდოები გადასცა.

GFF Awards 2020-ზე სპეციალური პრიზი ასევე გადაეცა მიმდინარე წელს მასობრივი ფეხბურთის აქტივობით გამორჩეულ – ლევან ხურცილავას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards მიმდინარე წელს პანდემიის და საკარანტინო რეგულაციების გამო შეცვლილი ფორმატით გაიმართა.

2020 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.

დაჯილდოების შესახებ ინფორმაციას სრულად გაეცანით ბმულზე.