ღარიბაშვილი ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: ეს არის ფორმალური, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი 

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ფორმალური პროცესია და რომ ეს მან „ევროპელ კოლეგებს” აუხსნა.

„ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, ჩვენი კონსტიტუციის უზენაესობა და ის, რომ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი და არც პრემიერი. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გააცნობიერებს, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს მოსაგვარებელი, თუ ის მხარს დაგვიჭერს და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას, ისე, როგორც შარშან ხდებოდა. შარშან, სტატუსის მინიჭებამდე, როცა იყო მომართვები, მთავრობა უშვებდა ყველგან, ვუგზავნიდით თანხმობებს. თუ მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და ამიტომ ეს ნდობა დაიკარგა. ოპოზიციონერს ჩვენი მანდატის და უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში“. – თქვა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილისვე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს იმპიჩმენტის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა.

„დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, როცა ქვეყანა სტატუსს ელოდება”. – თქვა მან.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 3 დღის განმავლობაში განიხილივადა „ქართული ოცნების” წარგინებას. განხილვა გუშინ, 5 ოქტომბერს დასრულდა. ახლა პლენუმმა უნდა მოამზადოს დასკვნა, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია გერმანიაში, საფრანგეთისა და ბელგიაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით. სასამართლო დასკვნას პარლამენტს 14 ოქტომბრამდე წარუდგენს.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაასკვნის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარჩვია, პარლამენტი კენჭს უყრის მისი იმპიჩმენტის საკითხს, რომელსაც 100 ხმა სჭირდება. პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, შესაბამისად, სავარაუდოდ, იმპიჩმენტი ვერ შედგება.