ღარიბაშვილთან ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს - მიშელი

პუბლიკა

დღეს ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა რეფორმებისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე.

„ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს“, – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

როგორც „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელელი კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი იუწყება ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით, კერძოდ შარლ მიშელს აღუნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შესახებ სავარაუდოდ 8-15 ივნისს მოსალოდნელი დებატები დაკავშირებული იქნება სანქციების საკითხთან და რეფორმების პროცესზე.