„ღია ეთერის“ წამყვანის მონოლოგი მთლიანად ჰომო/ტრანსფობიურ ნარატივზე იყო აგებული - „თანასწორობის მოძრაობა“

პუბლიკა

„თანასწორობის მოძრაობა“ ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერის“ 28 აპრილის გამოშვებაში ერთ-ერთი წამყვანის მონოლოგს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც ორგანიზაციის განცხადებით, მთლიანად აგებული იყო ჰომო/ტრანსფობიურ ნარატივზე.

გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ვანო მერაბიშვილთან წარმართულ ინტერვიუზე საუბრისას „მთავარი აქცენტების“ წამყვანის ნიკა გვარამიას მიმართ გამოიყენა შემდეგი სიტყვები:

„…მეორე სუბიექტი [ნიკა გვარამია], რომელიც ასევე დაკარგულია, ოღონდ, როგორც ჩანს, გენდერული იდენტობის ძიებაში…“, „მასაც [ვანო მერაბიშვილს] და მისი გენდერული იდენტობის ძიებაში დაკარგულ მოსაუბრეს [ნიკა გვარამიას] არ გახსენებია…“

„თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებით, ამავე გადაცემაში, როდესაც წამყვანი საუბრობდა რესპუბლიკური პარტიის წევრ ლევან ბერძენიშვილზე, გამოყენებული იყო ფოტო ინტერვიუდან ლევან ბერძენიშვილის გამოსახულებით, სადაც მას ლგბტ დროშა უჭირავს. ლევან ბერძენიშვილზე საუბრისას სულ ორი ფოტო იქნა გამოყენებული. აქედან ფოტო ლგბტ დროშით ორჯერ იყო ნაჩვენები, თან უფრო ხანგრძლივად. მნიშვნელოვანია, რომ საუბარი არ შეეხებოდა ლგბტ უფლებების დაცვას ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე საკითხს.

„გაუგებარი დარჩებოდა ამ ფოტოს გამოყენების მიზანი, ცხადი რომ არ იყოს ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზების ნაცნობი მეთოდები. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თანაწამყვანი საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებსა და ანტიპატიებს არ ფარავს. გადაცემის ავტორები აშკარად ცდილობდნენ ლევან ბერძენიშვილის, როგორც პოლიტიკურად მიუღებელი ფიგურის წარმოჩენას, რაც გამყარებული  იყო [გადაცემის წამყვანების აზრით], ლგბტ თემთან უადგილო და შეუსაბამო დაკავშირებით“, – აცხადებს „თანასწორობის მოძრაობა“.

ორგანიზაციის განცხადებით, რადგანაც ლგბტ თემი ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ და ჩაგრულ ჯგუფად მიიჩნევა, სოციალური და უფლებრივი უთანასწორობა მწვავედ აისახება ლგბტ ადამიანების ცხოვრებაზე. ჰომოფობია/ტრანსფობია ხდება იმის საფუძველი, რომ არაერთი ადამიანი სოციალური მხარდაჭერის გარეშე რჩება, რაც მათ სხვა მოქალაქეებთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს.

„სახელმწიფო არ აღიარებს ტრანსგენდერი ადამიანების გენდერულ იდენტობას, რაც იმით გამოიხატება, რომ ტრანსადამიანებს არ აქვთ მათი გენდერის შესაბამისი ჩანაწერი იურიდიულ დოკუმენტში. ეს გარემოება, მათ ხელს უშლის, მიიღონ განათლება, დასაქმდნენ, მიიღონ საბანკო თუ სხვადასხვა მომსახურება და უფრო მეტიც, საზღვარზე გადაადგილდნენ. ამის გამო ტრანსგენდერი ადამიანები დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან. ტელეკომპანია „იმედი“ და გადაცემის ავტორები უნდა აცნობიერებდნენ რას სჩადიან, როდესაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, გენდერული იდენტობის საკითხს ქილიკისა და დისკრიმინაციის საგნად აქცევენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ლგბტ საკითხების გაშუქებისას მედიის როლი, „რადგან მას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ განწყობებზე. მედიას შეუძლია პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა მოახდინოს მაყურებლების დამოკიდებულებებზე, ისევე როგორც კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაზე. რასაც უნდა აცნობიერებდეს ტელეკომპანია „იმედი“.

„ტელეკომპანია „იმედი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. იგი ასევე ერთ-ერთი რეიტინგული ტელევიზიაა. შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მაყურებელზე. აღნიშნულ შემთხვევაში გადაცემაში, წამყვანის სარედაქციო ტექსტითა და შეუსაბამო კადრების გამოყენებით წახალისებულია დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე“, – აცხადებს „თანასწორობის მოძრაობა“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაცემაში ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნაცნობი და გავრცელებული პრაქტიკაა გამოყენებული, რამდენადაც  სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საკითხი პოლიტიკურ კონტექსტთანაა დაკავშირებული. მით უფრო, რომ ახლოვდება წინასაარჩევნო პერიოდი, რომლის დროსაც ჰომოფობია მედიაში სიძულვილის ენის გამოყენების ერთ-ერთ გავრცელებულ პრაქტიკად რჩება.

„თანასწორობის მოძრაობა“ მოუწოდებს გადაცემის წამყვანებსა და ტელეკომპანია „იმედს“, რომ მეტი წინდახედულება გამოიჩინონ, როდესაც ადამიანების ბედით თამაშობენ და გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საკითხებს პოლიტიკური ანგარიშსწორების საგნად აქცევენ.