„ღრმად შემაშფოთებელი, თუმცა არა პანდემია“ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

ვასკა მათითაიშვილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში ძალიან შემაშფოთებელია, თუმცა ვირუსის გავრცელების შეკავება ჯერ კიდევ შესაძლებელია და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ვითარების პანდემიად შეფასების საფუძველს ჯერჯერობით არ იძლევა.

გებრეიესუსის განცხადებით, ირანთან დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევები ბაჰრეინში, ერაყში, ქუვეითსა და ომანში დაფიქსირდა. იტალიასთან დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევები კი ალჟირში, ავსტრიაში, ხორვატიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.

თუმცა სამშაბათს ჩინეთს გარეთ დაფიქსირებული ინფიცირების ახალი შემთხვევები (427), რომელიც 37 ქვეყანაში გამოვლინდა, პირველად აღემატება ჩინეთში ინფიცირების ახალ შემთხვევებს (411).

„დიდად მოწადინებულები არ უნდა ვიყოთ ფაქტების ფრთხილი და ზუსტი ანალიზის გარეშე პანდემიის გამოცხადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

30 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა საყოველთაო ყურადღების ღირსი განგაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

„ტერმინ პანდემიის გამოყენებას არანაირი ხელშესახები სარგებელი არ გააჩნია, თუმცა ქმნის უზარმაზარ რისკს, ხელი შეუწყოს არასაჭირო სტიგმისა და პანიკის შექმნას, რაც სისტემების პარალიზებას გამოიწვევდა. ეს ნაბიჯი ასევე შექმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს ჩვენ ვირუსის გავრცელების შეჩერება აღარ შეგვიძლია, რაც არასწორია“, – განაცხადა გებრეიესუსმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ორგანიზაციის მისია ირანში კვირის ბოლოს გაემგზავრება.

უახლესი მონაცემების მიხედვით, ირანში კორონავირუსით ინფიცირებულია 139 ადამიანი, გარდაიცვალა 19 ადამიანი.