გიგა ბოკერია აჭარის ტელევიზიის მაუწყებლის საბჭოში წარდგენილ წევრზე - დიდი იმედგაცრუებაა

გიგა ბოკერია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციაში ყოფნის დროს მედიათავისუფლების შეზღუდვის გამო წინა ხელისუფლების კრიტიკის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო აგრესიული ნაბიჯებით დაიწყო  მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობა.

„ამის ყველაზე უფრო ცუდი მაგალითი არის ის რაც ხდება დღეს აჭარის ტელევიზიაში. მთელი ამ წლების განმავლობაში აჭარის ტელევიზია ახერხებდა დაეცვა ჟურნალისტური სტანდარტები, ჰქონოდა პლურალიზმი და ამ თვალსაზრისით იყო სამაგალითო”, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა იმ „პრობლემის” აღმოფხვრა, რასაც აჭარის ტელევიზია ხელისუფლებას უქმნიდა.

„იმ დირექტორის დანიშვნა, რომელიც ახლა არის ამ ტელევიზიის დირექტორი, სწორედ ამ ამოცანებს ემსახურებოდა. ამ ამოცანისთვის ხდება ახლა იქ საკადრო წმენდა, მათ შორის, პროცედურების დარღვევით”, – განაცხადა ბოკერიამ.

ბოლო 2 კვირაა აჭარის მაუწყებელთან საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი” ალექსანდრე მილორავა მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს. ალექსანდრე მილორავას მოთხოვნას, დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაზე უკვე გამოეხმაურა სამეურვეო საბჭოს წევრი გია ქარცივაძე. მან ტელევიზიის საბჭოს იმპიჩმენტის მოთხოვნით საბჭოს დანიშნვაზე უკვე მიმართა.

თუმცა, იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საჭიროა, საბჭოს სხდომის დანიშვნამდე საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა მოითხოვოს ბორდისგან იმპიჩმენტის დაწყების მოთხოვნით სხდომის ჩანიშვნა, ამის შემდეგ კი ბორდი ვალდებულია 10 დღეში დანიშნოს სხდომა. საბჭოში პარტია „ევროპული საქართველოს” მიერ წარდგენილ კანდიდატს, თამუნა წილოსანს, მრავალჯერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, დღემდე არ შეუტანია განცხადება დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ მიერ ნომინირებული კანდიდატი საბჭოსი დღემდე არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის, რომ ის დამოუკიდებელია, ვერავინ დააძალებს მას, თამუნა წილოსანს, იმას, რომ, რომელმა პარტიამაც მისი ნომინირება მოახდინა, იმის მსგავსი პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ვართ თავისუფალი შეფასებაში, ამ მაუწყებლის ბორდის წევრების.

ჩვენთვის დიდი იმედგაცრუება არის და ძალიან დასანანია, რომ ჩვენ მიერ ნომინირებული ადამიანი არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას იმ საკითხზე, რომელიც არის ცენტრალური საკითხი არის ამ კონტექსტში. ეს არის იმპიჩმენტის საკითხი”, –  განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკთხზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავება, მაუწყებლის დირექტორის მხარდაჭერის ტოლფასია.

„ჩვენ იმედი გაგვიცრუვდა, რომ ისეთი ადამიანი აღმოჩნდა ჩვენგან წარდგენილი, რომელიც ამდენი ხანი ვერ აფიქსირებს პოზიციას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს მხარდაჭერას ამ დირექტორის”, – განაცხადა ბოკერიამ.