გიგი უგულავას შეწყალება [ხელისუფლების] ზრახვების ლაკმუსის ტესტი იქნება - გალერი

ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის” სპიკერი საგარეო საკითხებზე, მაიკელ გალერი საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას twitter-ზე გამოეხმაურა.

გალერის თქმით, შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისა და ნორმალიზაციისაკენ. გალერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყველა მხარემ სიტყვითაც და სულისკვეთებითაც გაიზიაროს შეთანხმების შინაარსი და სწრაფად შეასრულოს შეთანხმების პირობები.

გალერი გიგი უგულავას შესაძლო შეწყალების საკითხსაც გამოეხმაურა:

„გიგი უგულავას შეწყალება [ხელისუფლების] ზრახვების ლაკმუსის ტესტი იქნება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პოლიტიზირებისგან თავისუფალი მართლმსაჯულება არის ის, რისი შესრულებაც პოლიტიკოსების ვალია ქართველი ხალხის წინაშე”,- წერია გალერის განცხადებაში.


ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, მხარეები პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის გარდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.