გიორგი მჟავანაძის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ „სირცხვილიას“ აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

„დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, – განგვიცხადეს ინსპექტორის აპარატში.

გიორგი მჟავანაძე მოინახულა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.

„პირადად შევხვდი დაკავებულს, მოვისმინე მისგან ინფორმაცია, ეს ინფორმაცია მივაწოდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. იმ მომენტისთვის, როდესაც მე ვნახე, ფიზიკური მდგომარეობა ნორმალური იყო, რამე ხილული დაზიანებები, გარდა ხელბორკილების კვალისა, იმ მომენტში მე არ შემიმჩნევია.

დაკავების დროს [დაკავებულები] აღნიშნავდნენ, რომ მათთვის საფუძველი  იმ მომენტში არ განუმარტავთ“, – განუცხადა „TV პირველს“ ბურჯანაძემ.

ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ფეისბუქზე 9 ნოემბერს დაწერა, რომ „სირცხვილიას“ აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის თქმით, მას პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„გიორგი მჟავანაძის გადმოცემით, მასზე პოლიციის ეზოში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველვებიც და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ეს ჩაიდინა“ –  წერს ადვოკატი.

ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, მჟავანაძე დღეს, 10 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოკითხოს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ „სირცხვილიას“ 3 აქტივისტი – ლექსო მაჭავარიანი, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულია 4 პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.