გიორგი რურუას ოჯახი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას ოჯახის წევრები და ადვოკატი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეების განცხადებით, განიხილეს სამოქმედო გეგმა, კერძოდ, ოპოზიციის წევრები აპირებენ, თემა გააქტიურონ საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში და მათ აჩვენონ საქართველოს პრობლემა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამართლებრივ დევნას ეხება.

„მთელი ოპოზიციური სპექტრი არის ერთიანი ამ საკითხზე, რომ პოლიტიკური დევნა, ზოგადად, არის ქვეყნისთვის ცუდი და ეს არის ქვეყნის პრობლემა და არა კონკრეტული ადამიანების. განვიხილეთ სხვადასხვა სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას; ვისაუბრეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ კანონზე, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი და არაკონსტიტუციურად აღიარებული გიორგის დაჭერა. თავისივე მიღებული კანონით გიორგი დღეს არის უკანონო პატიმარი“, – განაცხადა სოფო სიხარულიძემ, გიორგი რურუას ცოლმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გააქტიურდება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, საელჩოებსა და საზოგადოებასთან იმისთვის, რომ რურუას თემა წინ წავიდეს. სამადაშვილისვე თქმით, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვა იმიტომ ჭიანურდება, რომ მოსამართლეს რურუას გათავისუფლება მოუწევს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, ოპოზიციური სპექტრისთვის ფუნდამენტური საკითხია, ქვეყანა „ჭაობიდან ამოვიდეს“. ბოკერიას თქმით, აპირებენ, გიორგი რურუას საკითხი და მასთან ერთად გარეჯისა და პოლიტიკური ლიდერების სამართლებრივი საქმეები საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენონ, როგორც 8 მარტის შეთანხმების დარღვევისა და პოლიტიკური დევნის მაგალითი.

„ჩვენი ამოცანაა ამ პროცესის შეჩერება. ქვეყნის ინტერესშია ეს და არა ცალკეული ადამიანების. თუ გაღრმავდება, დიდი პრობლემები შეიქმნება ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან „პოლიტპატიმრების თემა, ისევე, როგორც ვადამდელი არჩევნები – ორი განუყოფელი ნაწილია“.

მისი განცხადებით, წელიწადზე მეტია, რურუას საკითხს წინსვლა არ აქვს, დღევანდელ შეხვედრაზე კი რურუას ოჯახთან და პოლიტიკოს კოლეგებთან ერთად პრობლემის გადაწყვეტის გზებზე მსჯელობდნენ.