გვაქვს ინფორმაცია კახეთის, ზუგდიდისა და თბილისის ოლქებიდან, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის ემზადება - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ოპოზიცია მეორე ტურისთვის უკვე ემზადება და მათ ეს ინფორმაცია აქვთ. ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, პარლამენტში ოპოზიციაც შევა.

„რაც შეეხება მეორე ტურისთვის სამზადისს,  ჩვენ უკვე გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან ინფორმაცია,  რომ ოპოზიციამ მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაიწყო. ასეთი ინფორმაცია გვაქვს კახეთიდან, ზუგდიდიდან და თბილისის ოლქებიდან. მათ აქვთ დაწყებული მუშაობა, მათ შორის, აგიტატორების მობილიზება და ა.შ.

დაფინანსებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რაც მათ ხალხმა მიანიჭა, მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მან არ უნდა მიიღოს ის სხვა პრივილეგიებიც, რომლებიც უკავშირდება არჩევნებს და მიღებულ მანდატს. ეს ეხება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებას. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, ამ შემთხვევაში უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. ეს იქნება ლოგიკური და პარლამენტი ამაზე იმსჯელებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ პოზიტიური მოლოდინი აქვთ და ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი არ ეყოლება.

„ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და უკვე დარწმუნებულიც ვართ, რომ ეს ასე არ იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.