გვაქვს მედპერსონალის დაინფიცირების 72 შემთხვევა, რაც 12.7%-ს შეადგენს - გამყრელიძე

პუბლიკა

„დილის მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების 72 შემთხვევა გვაქვს, რაც დაახლოებით 12.7%-ს შეადგენს. ეს არც ცოტაა და არც ძალიან ბევრი, დაახლოებით საშუალო მაჩვენებელზე ვართ საერთაშორისო მაჩვენებლის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სტაციონარულ დაწესებულებებში საჭიროა დამცავი საშუალებებისა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრება, არა მარტო იმ დაწესებულებებში, სადაც COVID-ინფექციით ავადმყოფები მკურნალობენ, არამედ, სადაც შესაძლო შემთხვევა შეიძლება მოხვდეს.

„სწორედ, დაინფიცირების ყველაზე მეტი პროცენტი მოდის იქ, სადაც კონტაქტია ხოლმე არა უკვე დადგენილ, არამედ უფრო შესაძლო შემთხვევებთან. მაგალითად, სასწრაფოების შემთხვევაში, დაახლოებით 30-მდე სასწრაფოს თანამშრომელია დაინფიცირებული”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ტელეეთერით კიდევ ერთხელ მოუწოდა კოლეგებს უფრო მეტი სიფრთხილისკენ და დამცავი საშუალებების სწორად გამოყენებისკენ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების მონაცემებს მედპერსონალის დაინფიცირების კუთხით, გამყრელიძის თქმით, მათი დაზიანების პროცენტი 13-15%-ის ფარგლებში მერყეობს. არის ქვეყნები, მაგალითად ფილიპინები, სადაც 19% იყო.

„ლანცეტში” გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ იტალიის მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ზე ავიდა. მათ შორის, სამწუხაროდ, 160 ჩემი კოლეგაა გარდაცვლილი. (როცა პროცენტებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ექიმები არ იგულისხმება, აქ საუბარია მთლიანად სამედიცინო პერსონალზე), – განმარტა გამყრელიძემ.