გვარამიას განცხადებით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

პუბლიკა

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო. შესაბამისი განჩინება მან „მთავარი აქცენტების“ ეთერში წაიკითხა.

„ადამიანის კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველსაყოფად და ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მივედი დასკვნამდე, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დაზარალებულად აღნიშნულ სისხლის სამართლებრივ საქმეში“, – წაიკითხა გვარამიამ.

გვარამიას ცნობით, ამ საქმეზე უნდა გამოვლინდნენ ბრალდებულები, რომლებიც პასუხისგებაში მიეცემიან უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

„ბოლო ინფორმაცია უკრაინიდან, მოგეხსენებათ, რომ იქ იყო აღძრული საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბების და შესაძლო წამების ფაქტების შესახებ. დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დაზარალებულად. ანუ არსებობს ფაქტი, არსებობს დაზარალებული, ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც გადასადგმელი დარჩა ეს არის ბრალდებულების გამოვლენა და სავარაუდოდ, ეს იქნებიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები და შესაძლოა არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების, მაღალი თანამდებობის პირები და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები“, – განაცხადა გვარამიამ.