გვთავაზობენ „3+3" ფორმატში მონაწილეობას. ერთადერთი, ვინც რეგიონში ჯიუტობს, საქართველოა - მახარაძე

პუბლიკა

ანტიდასავლური და რადიკალური ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ზურა მახარაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა და რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწების შემთხვევაში, საქართველოც, დიდი ალბათობით ანალოგიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო არ იყენებს – ეს არის „3+3″ ფორმატში მონაწილეობა. პირდაპირ გვითხრეს, რომ აქ არ არის რაიმე წინასწარი ვალდებულება, ეს არის ადგილი, სადაც NATO-ს წევრი თურქეთი და რუსეთის ფედერაცია, ირანთან ერთად, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომელთაც 2020 წელს ომი ჰქონდათ, მაინც პოულობენ საშუალებას, რომ ერთმანეთს ესაუბრონ, და ერთადერთი ვინც რეგიონში ჯიუტად, არარაციონალურად იქცევა არის საქართველო”, – განაცხადა ზურა მახარაძემ.

ამ კონტექსტში მან რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უუნარო პოლიტიკური სპექტრის” პირობებში, მათი პარტია „მოქმედებაზე გადადის”.

მისი თქმით, უნდა დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობები „იმ დონეზე, რომელზეც შესაძლებელია”. „პარტია „კონსერვატიული მოძრაობა” იწყებს მოქმედებას ამ მიმართულებით”, – ამბობს ის.

ამასთან, მახარაძემ აღნიშნა, რომ მათ დუმის დეპუტატებთან ონლაინკონფერენცია უკვე გამართეს და „რუსეთის ფედერაციიდან გაჩნდა სურვილი, რომ ადგილზე მოხდეს უფრო მაღალი დონის ფართომასშტაბიანი შეხვედრა და იქ დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი”.

რუსეთში ვიზიტის დეტალების შესახებ პრესკონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ ისაუბრა.

„კონსერვატიული მოძრაობა” უახლოეს ხანში აპირებს ვიზიტს ოფიციალური პარტიული სახით რუსეთის ფედერაციაში. სადაც მაღალ დონეზე გაიმართება რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

გარდა ამისა, დაგეგმილია საკონსულტაციო-საექსპერტო კონსულტაცია რის და ქართველ სპეციალისტებს შორის, სასაუბრო თემა იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონში მიმდინარე უკიდურესად დაძაბული მდგომარეობა, გამოსავლის ძებნა, „3+3″ ფორმატის შესახებ კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, ასევე საკითხი იქნება განხილული ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ჭრილში, როგორიცაა ავიამიმოსვლების აღდგენა, სავაჭრო ურთიერთობების გამარტივება, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები”, – განაცხადა ქარდავამ.


„3+3“ ფორმატი

„3+3“ ფორმატის იდეა თავდაპირველად 2020 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჰეპ ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანში, თავის კოლეგასთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გააჟღერა ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ.

ეს ფორმატი გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და რუსეთის, თურქეთისა და ირანის ერთ პლატფორმაზე მუშაობას. დაკონკრეტებული არაა ის საკითხები და თემები, რისი განხილვაც ამ პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს, თუმცა ამ ქვეყნების ლიდერების განცხადებებიდან ჩანს, რომ საწყის ეტაპზე საკითხები რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო გზების გახსნასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხება.

„3+3“ ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა საქართველომ. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „რაღაც ფორმით დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში უნდა ვიყოთ, წითელი ხაზების დაცვით“. მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მინისტრს ამ ფორმატში ჩართვა არ განუხილავს.

საქართველოს ხელისუფლებამ კი გააჟღერა წინადადება, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სამშვიდობო მოლაპარაკების გასამართ ადგილად თბილისს სთავაზობს.

„3+3“ ფორმატის პირველი შეხვედრა მოსკოვში მოსკოვში გაიმართა. რადგა ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა საქართველომ, მასში დანარჩენი ხუთი ქვეყნის – რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და რეალურად, 3+2 ფორმატით ჩატარდა. თუმცა, ამის მიუხედავად შეხვედრის ამსახველ ფოტოში სხვებთან ერთად გამოჩნდა საქართველოს დროშაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მართალია, საქართველომ თავი შეიკავა მონაწილეობისგან, მაგრამ ქართული მხარე მიწვეული იყო და მისთვის მომავალშიც ღია რჩება კარი.

„ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს, შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს საქართველომაც, რომლისთვისაც კარი ღია რჩება“, – განაცხადა მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.