Human Rights Watch: „ოცნება“ ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს

პუბლიკა

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, რეიჩელ დენბერიამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

რეიჩელ დენბერი იხსენებს, რომ საქართველოში, რომელსაც საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი მემკვიდრეობით ერგო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატიმრობის ვადა – 90 დღე, შეამცირეს:

„ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან დაკავებულის უფლებები იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული დარღვევისთვისაა ადამიანი დაკავებული, მკაცრად შეზღუდულია. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნება” ამ დღეებს 60-მდე ზრდის. ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია, სადაც “ქართული ოცნება” ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს“, – ამბობს ის.

მისი შეფასებით, „ოცნების“ მიერ ბოლო დროს მიღებული ცვლილებები „სრულიად განურჩეველი, თვითნებურია“.

„ვგულისხმობ იმას, რომ, თუ არ ვცდები, ცვლილების მიხედვით, ე.წ პრევენციული დაპატიმრებაა დაშვებული და ხალხის დაპატიმრება სრულიად უმიზეზოდ შეუძლიათ. შეიძლება გეგონოს, რომ უბრალოდ დემონსტრანტი ხარ, რომელიც მთავრობის ქმედებებს აპროტესტებ და ამ დროს მთავრობამ დაგაკავოს სრულიად თვითნებურად. რაც შეეხება იმას, რატომ აკეთებენ ამას? როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებას ქვეყანა ადამიანის უფლებების კრიზისამდე მიჰყავს. დავიწყოთ იმით, რა მოხდა გაზაფხულზე, როდესაც მთავრობამ ეს ე.წ “უცხოური გავლენის” კანონი მიიღო, რომლითაც ნათლად ცდილობს ჩაახშოს ოპოზიციური და კრიტიკული ხმები და სრულად გაწმინდოს ქვეყანა ქართული არასამთავრობო სექტორისგან, რომელიც ასეთი ენერგიულია“, – ამბობს ის ინტერვიუში.

რეიჩელ დენბერის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება იმ გზას ადგას, როდესაც ცდილობენ, რომ პრევენციულად შეზღუდონ და ჩაახშონ ნებისმიერი განსხვავებული აზრი და შეზღუდონ საზოგადოებრივი ქმედება.

მისი განცხადებით, ორგანიზაციას აღრიცხული აქვს დემონსტრანტების, აქტივისტების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები, რისი დოკუმენტირებაც 2024 წლის ადრე გაზაფხულზე დაიწყეს.

„ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ თავდასხმები კოორდინირებული იყო და ასევე ადვილი მისახვედრი იყო, რომ ისინი საკუთარი ნებით არ მოქმედებდნენ და დავალებას სხვებისგან იღებდნენ. ასე რომ ყველა ასეთი შემთხვევა აღრიცხული გვაქვს. [საქართველოს] პროკურატურასაც მივმართეთ, ვკითხეთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდნენ გამოძიებისთვის და არადამაკმაყოფილებელზე უარესი პასუხი მივიღეთ“, – თქვა მან.

ასევე, აღრიცხული აქვთ აქციებზე სპეცრაზმელების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობა, რასაც მისი თქმით, გამართლება არ აქვს. ინტერვიუში ის იხსენებს „ერთგვარ გაშავების კამპანიას“ გასულ გაზაფხულზე – ცნობილი სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების გამოსახულებით პოსტერებს, რომლებიც სიძულვილის ენას შეიცავდა.

„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანების წინააღმდეგ საზოგადოებრივი სიძულვილის და ეჭვის მობილიზებისთვის, რათა მათი დემონიზაცია მომხდარიყო. ასე რომ სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლადშესული კანონები და ფიზიკური ძალადობა – ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების კრიზისის გამწვავებისკენ, რომელსაც “ქართული ოცნება” დგამს“, – ამბობს ის.