იძებნება პირი, რომელმაც 653 181 ლარი მიითვისა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, გამოცხადებულია ძებნა პირზე, რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 30 იანვარს, შპს ,,კავკასიის სატრანსპორტო კომპანია 2019“ დააფუძნა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, კომპანიის სახელით, ინტერნეტ სივრცეში ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. ბრალდებულმა მოქალაქეებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, შერჩეული ავტომანქანების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღო. ამ გზით ბრალდებული 653 181 ლარის ოდენობით თანხას დაეუფლა, რის შემდეგაც მიიმალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.