იმედია, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რომელიც გამოიყენა საქართველოს მიმართ - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი უკრაინაში არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა.

„დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო სხვაა. მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. მინდა იმედის გამოთქმა დღეს, რომ ეს ყველაფერი გადავა იმაში, რაშიც უნდა გადავიდეს, ანუ დიალოგის ფორმატში,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.