„იმედის“ წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია - ქარტია

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა ქარტიის მეშვიდე – დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია.

ქარტიის ცნობით, ანიკაშვილის წინააღმდეგ ქარტიას გურამ კახაძემ მიმართა. სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 15 ივნისს გავიდა და ფერიის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

ქარტიის თქმით, განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემის მიმდინარეობისას, რესპონდენტ თეა დარჩიას მხრიდან ისმოდა ისლამოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები, რაზეც ჟურნალისტს არ მოუხდენია სათანადო რეაგირება.


ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფერიის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას თეა დარჩიამ გააკეთა შემდეგი განცხადება: „მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ შიმშილის გამო დედები გურიაში, ზემო აჭარაში და ასე შემდეგ, ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვამს, რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს? იქნებ ვიკითხოთ, ხომ? მეც ძალიან მაინტერესებს, დავიღალე“.

ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტმა მაგდა ანიკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „მადლობა, რომ მოგვიყევით და სრულიად გულწრფელად გაგვიზიარეთ თქვენი განცდები“.

LB loan image desktop LB loan image mobile