იმის თქმა ცალსახად, რომ ძალადობრივი ჯგუფები ეკლესიის მიერ იყვნენ მობილიზებულნი, არის ტყუილი - ჯაფარიძე

პუბლიკა

„ეს არის კონკრეტული სასულიერო პირის მოწოდებები, რომელიც არ შეიძლება, გაიგივდეს ეკლესიის მოწოდებასთან და არც საპატრიარქოს მოწოდებასთან ობიექტურად, ხომ?!“, — ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში, 5 ივლისის ძალადობრივ პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ კონკრეტული საეკლესიო პირის მოწოდება ცალკე უნდა შეფასდეს და იმის თქმა, რომ ეს ეკლესიის ან საპატრიარქოს მოწოდებაა, მისივე თქმით, „არასწორია“:

„თუ ეს არის კონკრეტული საეკლესიო პირის მოწოდება, რომელსაც მე არ ვიცნობ, მაგრამ იქ ჩანდა, რომ მოწოდება იყო ძალადობისკენ, ეს უნდა შეფასდეს ცალკე. მაგრამ ამის განზოგადება და თქმა, რომ ეს არის საზოგადოდ, ან ეკლესიის მოწოდება, ან საპატრიარქოს მოწოდება, ეს არის არასწორი და ეს არის შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, თუ მოისმინა მან მეუფე იოანეს დღევანდელი განცხადება, სადაც მიტროპოლიტი ფორმულას ჟურნალისტზე, რატი წვერავაზე ამბობდა, რომ „„საროჩკა“ შემოიხია, ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და იქ დაიწყო ჩხუბი, ჯაფარიძე პასუხობს, რომ „სოციალურ მედიაში გაკვრით მოისმინა“.

„მე ახლა კონკრეტულ დავაში არ ვაპირებ შესვლას. ყველა სასულიერო პირი წარმოადგენს თავის პოზიციას, მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენელი იქნება თუ მღვდელი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ისევე როგორც დასაგმობია ძალადობა ადამიანების, გამვლელების, ჟურნალისტების მიმართ — სრულად დასაგმობია და ეს არის ქვეყნის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება — ასევე, აგრესია მეორე მხარის მიმართ… რომ განაზოგადონ კონკრეტული სასულიერო პირების გამონათქვამები და ზოგადად ეკლესიას დასდონ ბრალი, არის მიუღებელი“, — აღნიშნა მან.

წამყვანმა ჯაფარიძეს ჰკითხა, მაშინ ვინ გაუკეთა ორგანიზება და ვისი პასუხისმებლობაა 5 ივლისის პროცესები, როცა მედიის წარმომადგენლებს სასულიერო პირების თვალწინ სცემდნენ. “ლელოს” ლიდერმა თქვა:

„ამის თქმა, ცალსახად რომ ძალადობრივი ჯგუფები იყო ეკლესიის მიერ მობილიზებული, ეს არის ტყუილი იმიტომ, რომ იქ იყვნენ, რა თქმა უნდა, ეკლესიის წევრები, მრევლი, რომელიც იქ იდგა, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წახალისებული ძალადობრივი ჯგუფები.

რა თქმა უნდა, ამის გამიჯვნა, შესაძლოა, შეგნებულად არ უნდათ ადამიანებს იმიტომ, რომ ეკლესიისთვის ზიანის მიყენება, ეს არის სახელმწიფოებრიობისათვის ზიანის მიყენება და ესეც ასევე არის ჩვენი მეზობლის და ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალების მიზანი, რომ დისკრედიტირება მოახდინონ ეკლესიის…“, – განაცხადა ჯაფარიძემ.