„ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა" - ვაშაძე ღარიბაშვილს

პუბლიკა

„მივმართავ ღარიბაშვილს – ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ სისტემის სახე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა.

„გახრწნილობის პიკი შეიძლება ვუწოდოთ იმ ჩარტერების სკანდალს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, პირდაპირ საბოტაჟშია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს და იმ ხალხის გადასახადებს, რომლისთვისაც უნდა ეშველათ, როდესაც შოვის ტრაგედიაში მძიმე ვითარებაში იყვნენ.

ეს არ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ავაშენოთ. ღარიბაშვილი არის სახე იმ სისტემის, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა „ჭამეთ, ძარცვეთ ქვეყანა, ხალხი. მთავარია, იყავით ჩემი ერთგულები, მთავარია რუსული დავალებები შეასრულოთ” – ეს არის შინაარსი იმის, რაც ჩვენ ვნახეთ.

15 სექტემბერი მოდის, სკოლაში რამდენი ბავშვი მივა დახეული ფეხსაცმლით, რამდენ ბავშვს არ ექნება ტანსაცმელი, ან წიგნები. პრემიერ-მინისტრის შვილისთვის თურმე ჩარტერული რეისებია ხელმისაწვდომი, რომ გაფრინდეს ამერიკაში სასწავლებლად. ეს არის ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება. მათთვის ეკონომიკა ორნიშნადაც იზრდება და სამნიშნადაც. იმ დონეზე არიან უკვე, რომ უზარმაზარ წვეულებებს აწყობენ – აბა, პატარა დაბადების დღეს ხომ არ გადაიხდის პრემიერ-მინისტრის მეუღლე?!

ცალ-ცალი „კალოშით” მოსული ადამიანები დაეპატრონნენ დიდძალ ქონებას ხალხის ხარჯზე. ევროკავშირი მათ შორის, ნიშნავს პასუხი ვაგებინოთ ასეთ ადამიანებს. ასეთი პრემიერ მინისტრით და ასეთი „ქართული ოცნებით“ ჩვენ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით.

მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი შვებულების დროს პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად პრემიერ-მინისტრმა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად უფროსი შვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

სიუჟეტში გასული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო რეისით წასული თვითმფრინავი 28 აგვისტომდე მიუნხენში დარჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში მისმა კომპანიამ წაიყვანა და დამკვეთი სამთავრობო დაცვა იყო.