ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია, ის თანაბრად გვეხება ყველას - გამყრელიძე

პუბლიკა

„ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია. ის ყველას ეხება თანაბრად“, – თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით დაინფიცირების მეათე შემთხვევაზე, რომელიც მისი შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე აღმოჩნდა.

„არაფერია დასამალი, ჩემი შვილი იყო კონტაქტში იმ ადამიანებთან, ვინც იყვნენ იტალიაში. პირველი კვლევა იყო საეჭვო, ჩაუტარდა ხელმეორედ კვლევა, რომელმაც დაადასტურა კორონავირუსული ინფექცია და წუხელ გვიანღამით გადავიყვანეთ სტაციონარში.

ჩემი შვილი არის ექიმი განათლებით, რა თქმა უნდა, ის წესების დაცვით იყო თვითიზოლაციაში და თავად ჩამოწერა იმ კონტაქტების სია, ვისთანაც იყო შემხებლობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი ყოველდღიურად უფრო მეტ ქვეყანაში დასტურდება, იმატებს შემთხვევები და საქართველოშიც, ბუნებრივია, რომ შემთხვევების მატება იქნება. თუმცა, გამყრელიძის აზრით, ამაზე მეტად მნიშვნელოვანი ვირუსული ინფექციის ადრეული გამოვლენა იქნება შესაბამისი მკურნალობისთვის.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ გვექნება შემთხვევების მატება. მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ ამ შემთხვევების მაქსიმალურად შემცირება, გამოვავლიონთ მაქსიმალურად ადრე და ადრეულად მოვახდინოთ დაინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევები.

გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის სულ იყო 319 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარეოდა დადასტურებას. მათგან კი დადასტურებულია კორონავირუსული ინფექციის 12 შემთხვევა.

„გუშინ ლუგარში იყო გამოკვლეული 39 შემთხვევა და სამი დადასტურდა. 12-დან 10 უკავშირდებდა იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს და ორი ირანს. მიმდინარეობს კვლევა. სულ იტალურ პლასტებთა დაკავშირებით 70-ზე მეტი ადამიანია შესწავლილი და 50-ის კვლევა მიმდინარეობს“, – დასძენს გამყრელიძე.


ამირან გამყრელიძის შვილმა ნიკოლოზ გამყრელიძემ დღეს თავად თქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ამის გასაჯაროება თავად გადაწყვიტა, რათა ებრძოლოს ვირუსთან დაკავშირებულ სტიგმას და პანიკას.

„1. მიმაჩნია რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო. დარწმუნებული ვარ რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას“, – წერდა ნიკოლოზ გამყრელიძე.