ისე როგორც არავის, თავად „ქართული ოცნების“ გუნდს სჭირდება ცვლილება – ბესელია არჩევნებზე

პუბლიკა

„მე, როგორც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ვიცნობ ამ გუნდს და ვიცი შიგთავსი რა არის, სწორედ აქედან გამომდინარე, აბსოლიტურად გააზრებულად ვამბობ ახლა ამას – ისე, როგორც არავის, თავად „ქართული ოცნების“ გუნდს სჭირდება ცვლილება“, –განაცხადა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

ბესელიას თქმით, ამას თავად პარტიაში უნდა მიხვდნენ და გააცნობიერონ. მისივე თქმით, პირველ რიგში ცვლილების საჭიროება ბიძინა ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს.

„როდესაც იწყება დაღმასვლის პროცესი, ამ დაღმასვლას რაღაც ეტაპზე თუ არ შეაჩერებ, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს. ამიტომ, თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ახლა მმართველი პარტიის შიგნით რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს პროცესი, რომელიც ასე, დაღმასვლით მიდის და ფატალურ შეცდომებს უშვებენ (არა საკუთარი თავისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის), ვიღაცას უნდა ეყოს გონიერება და ეს ვიღაცა იქნება ხვალ ჩვენი ამომრჩეველი, ხალხი“, – აღნიშნა ბესელიამ.