„ისევ ძველ კადრებს ვხედავთ, სანდოობა დაბალი იქნება" | როგორ აფასებენ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს

პუბლიკა

სპეციალურმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნი კანდიდატები შეარჩია და პრეზიდენტს გადაუგზავნა. პრეზიდენტი თითო ვაკანსიაზე 2 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

პრეზიდენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი 2 დღეს გრძელდებოდა. კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

კენჭისყრის შედეგები და გადაწყვეტილების დასაბუთება მალე გახდება ცნობილი, მანამდე კი კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შერჩეულ კანდიდატებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ისინი სანდოობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, კომისიის მოქმედი თანამშრომელია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ნატროშვილი „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ კომისიის მიერ შერჩეული ცესკოს წევრობის/თავმჯდომარეობის კანდიდატები საარჩევნო პროცესის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ნდობას ვერ აღადგენს.

„მთავარი პრობლემა, რაც საარჩევნო კომისიების წინაშე დგას, ეს არის ნდობის ნაკლებობა და განსაკუთრებით აქ საუბარია ოპოზიციურად, კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის მხრიდან და პარტიების მხრიდან ნდობის ნაკლებობაზე. ამ ნდობის აღდგენა იყო [საარჩევნო] ცვლილებების მთავარი მიზეზი.

ის კანდიდატები, რომლებიც შეარჩია კომისიამ, ვფიქრობთ, ამ მიზანს ვერ ემსახურება. ორივე არის კომისიის მოქმედი თანამშრომელი, მაღალი თანამდებობის პირი ცესკოში, ისინი ასევე იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები 2020 წლის არჩევნებზე, ასოცირდებიან ფაქტობრივად ძველ საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ეს, ჩვენი აზრით, არის სერიოზული მინუსი“, – აცხადებს ნატროშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ კენჭისყრის დროს კომისიის წევრთა ხმები გაიყო და უბრალო უმრავლესობამ გადაწყვიტა კანდიდატთა ბედი.

სიმონიშვილის შეფასებით, პრეზიდენტისთვის წარდგენილი კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ მაღალი სანდოობისთვის დადგენილ სტანდარტებს.

„რეალურად გვქონდა შანსი, რომ ახალი თავმჯდომარე შეიძლებოდა აგვერჩია და უკეთესი ხელმძღვანელი ჰყოლოდა კომისიას. ეს შანსი, ფაქტობრივად, აღარ არის. ისევ ძველი ცესკოს კადრს ვხედავთ აქ. ამ ადამიანებთან მიმართებით სანდოობა იქნება დაბალი, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე საზოგადოებაში“, – აცხადებს სიმონიშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს იწუნებს ოპოზიცია.

ევროპული საქართველოს“ შეფასებით, ეს კანდიდატების ხელისუფლების მიმართ ლმობიერად განწყობილი არიან და მათი გადაწყვეტილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„სანტურიანი იყო, რომელმაც 2020 წლის არჩევნებზე ყველა საჩივარზე უარი დააწერინა საოლქო საარჩევნო კომისიებს, ის ამჟამად იურიდიული სამსახურის უფროსია და მისი გადაწყვეტილება იყო ოპოზიციის მოთხოვნებზე უარის თქმა. ბატონი კალანდარიშვილი იყო, რომელიც ამართლებდა ამ ყველაფერს და ამ ორ კანდიდატს ვერ ექნება საზოგადოების ნდობა. ამიტომ პრეზიდენტმა ხელოვნურად უნდა გამოაცხადოს კონკურსი, რათა შეარჩიონ ისეთი კანდიდატები, რომელთაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნებათ“, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ თამარ ჟვანიას წასვლის შემდეგ დარჩენილი სიცარიელის შევსებას ცესკოს მოქმედი თანამშრომლებით ცდილობს. მისივე თქმით, ეს ადამიანები „გაყალბების პოლიტიკის ხაზის“ გამტარებლები არიან.

„ინტერვიუებში ცალსახად გამოჩნდა, რომ ამ ორი ადამიანის პოზიცია არაა სამართლიანი არჩევნები. მათი მიზანია, რომ გაატარონ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა“, – აცხადებს მინაშვილი.

ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ქართულ ოცნებას ყველგან მის მიერ კონტროლირებად ხალხი სჭირდება და არა ფუნდამენტური ცვლილებები.

„თვითონ ფაქტი, რომ უწყებიდან კონკურსში ორი თანამშრომელი მონაწილეობს და ძალიან სწრაფად და ფორსირებულად მიდის მათი ინტერვიუ და არჩევის პროცესი, მიუთითებს, რომ „ოცნებას“ არ სჭირდება სერიოზული რეფორმა“, – განაცხადა ხაზარაძემ.


არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებულმა 11-კაციანმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებად კომისიის აპარატის მოქმედი თანამშრომლები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი – შეარჩია. კანდიდატებმა ვერ მოიპოვეს არასამთავრობო ირგანიზაციების წევრთა მხარდაჭერა.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნად შეირჩნენ: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია პრეზიდენტს გადაეგზავნა. პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტმა თითო ვაკანსიაზე 2 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და 3 დღის ვადაში წარუდგინოს პარლამენტს.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის კანდიდატურაზე ხუთი წლით დასამტკიცებლად მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.

გაეცანით თავმჯდომარეობის კანდიდატების ბიოგრაფიებს, რომლებიც გამოქვეყნებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.