ISFED-მა ცესკოს ძალადობის შემცველ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა

პუბლიკა

„სამართლიანმა არჩევნებმა” ცესკოს ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით.

„კერძოდ, სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე.

სამართლიანი არჩევნები ასევე გეგმავს მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აღნიშნული ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.


„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, – 17 სექტემბრის ღამით თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. „სისხლიან ბანერებზე” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი. მათ შორის ასევე მოხვდა „ქართული ოცნების” გუნდის ყოფილი ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარიაც. ბანერებზე ასევე გამოსახულია მედიის წარმომადგენელთა ( ნოდარ მელაძე, ნიკა გვარამია) სურათებიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება ისეთი ფოტოებიც, სადაც ჩანს, რომ სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს.