ISSA: გამოკითხულთა 54% მხარს უჭერს ოპოზიციის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას

პუბლიკა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 54,5% ემხრობა ოპოზიციის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.

როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, ყველა სამიზნე ჯგუფში (საქ. მოსახელობა, თბილისელები, რეგიონების მოსახლეობა, სოფლის მოსახლეობა, ქალაქის მოსახლეობა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლბი) „მწვანე შუქი აქვს ანთებული ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.“

შედარებით ნაკლებად ემხრობიან ამას თბილისელები და გადაუწყვეტელი/ნიჰილისტი ამომრჩევლები.

კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში, მოსახლეობას პასუხები ასე ნაწილდება:

  • უნდა მიიღონ – 54,4 %,
  • არ უნდა მიიღონ – 22,3%
  • არ ვიცი/ უარი პასუხზე – 23,2% 

კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50 % ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე – 50%. რეგიონებში 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

როგორც მოგვიანებით სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა განმარტა კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებაა ისიც, რომ პროევროპელი ამომრჩევლების იმ ნაწილში (55%), ვინც მხარს უჭერს ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, უმრავლესობა (54%) ემხრობა იმას, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.

„მთლიანად თუ შევხედავთ საქართველოს უფრო იხრება მოსახლეობა იმისკენ რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ,

ოპოზიციას აქვს შანსი, რომ ადგილობრივ არჩევნებში თბილისში დაამარცხოს ქ/ოცნება. თუმცა, ამ ამოცანის შესრულება სჭირდება რამდენიმე აუცილებელი წინაპირობა: ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა ოპოზიციურმა ძალამ. ოპოზიციურმა ძალებმა გააძლიერონ არჩევნებში მონაწილეობის მზაობა თბილისელებში.

ოპოზიციურმა ძალებმა გააერთიანონ ძალები – შეთანხმდნენ მერობისა და მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე. თუ ეს პირობები არ შესრულდება, ქ/ოცნებისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა თბილისში არარეალისტურად გამოიყურება“,- განაცხადა კვლევის შედეგების წარდგენისას იაგო კაჭკაჭიშვილმა.

კვლევის შედეგები აჩვენებს იმასაც, რომ თუკი პოლიტიკური პრეფერენციების ჭრილში შევხედავთ, ყველაზე მაღალი მზაობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის აქვთ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს (60%), ხოლო ყველაზე დაბალი – „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამომრჩევლებს (33%).

საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთი ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) – ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.

თბილისში უფრო დიდი ნაწილი (46%) მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.

რეგიონებში პირიქით – უფრო დიდი ნაწილი (40%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.

როგორც კვლევის შდეგები მიუთითებს, საქართველოს მოსახლეობის მოლოდინები ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ გაყოფილია (სამართლიანად – 42.5%; არასამართლიანად – 42%).

თბილისელების უმრავლესობას (57%) არჩევნების არასამართლიანად ჩატარების მოლოდინი აქვს.

რეგიონების მოსახლეობა უფრო იმისკენაა გადახრილი, რომ ადგილობრივი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება (სამართლიანად – 48%; არასამართლიანად – 36%).

შეკითხვაზე ამ შაბათს რომ იმართებოდეს არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ოპოზიციური პარტიები 5%-იან ბარიერს ლახავენ შემდეგი თანმიმდევრობით:

კოალიცია ცვლილებებისთვის – 11%

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 9%

ძლიერი საქართველო – 7%

გახარია საქართველოსთვის – 6%

რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, ალოკაციის მეთოდით პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება .

  • კოალიცია ცვლილებებისათვის – 16,9%-ს,
  • ნაციონალური მოძრაობა 14,6%
  • ლელო ძლიერი საქართველო – 13,4%
  • გახარია საქართველოსთვის 12,4%
  • ქართული ოცნება 35,2%

კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC – თან თანამშრომლობით.

კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარდა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ.

რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.