საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა იმედი LIVE-ში სავიზო მექანიზმთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და განმარტა რას გულისხმობს ქართული მხარე, როცა ევროკავშირთან დიალოგის განახლების მზაობას გამოხატავს.
ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით იყო გათვალისწინებული, მხარეები ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული და კონსტრუქციულ გარემოში შესაძლებელი გახდა, საქართველოს დაეფიქსირებინა პოზიცია და ეთქვა ევროკავშირის მხარისთვის, რომ შეუძლებელია კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, როცა საქართველოში კანონების მიღება ევროკავშირის პოლიტიკის კონტექსტშია განხილული და დღემდე „არავის მოუსმენია, თუ კონკრეტულად რა პრინციპებს ეწინააღმდეგება ეს კანონები და რა არის ასეთი მიუღებელი და შეუთავსებელი ევროკავშირის სტანდარტებთან.“
ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრაზე არ ყოფილა „კონკრეტული კანონების მუხლების განხილვა და ქართულ მხარეს არ მოუსმენია ევროკავშირის მხრიდან კონკრეტულად, თუ რა ნაწილში მოდის, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონი ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში.“
„პირველად, ამ ფორმატში, პირველად ბრიუსელში, თუნდაც ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დელეგაციას მიეცა შესაძლებლობა, რომ ქართული მხარის პოზიცია გაეჟღერებინა. ეს კანონები გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სტაბილურობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და სწორედ ამან განაპირობა ამ კანონების მიღება და ჩვენთვის წარმოუდგენელია, ამ კანონების არსებობა ხელს უშლიდეს ევროკავშირში დიალოგს ან გაწევრიანებას, ან, ზოგადად, ურთიერთობებს.
მაშინ ფუნდამენტური კითხვა გვაქვს ჩვენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სტაბილურობა, საქართველოს უსაფრთხოება არის ხელისშემშლელი ევროკავშირთან დიალოგის, ლოგიკა ასე გვკარნახობს მაშინ და ეს არის ის კითხვა, რომელიც პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში უნდა გაჟღერდეს, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს ევროკავშირის მხარესთან.
ჩვენი საკანონმდებლო ორგანო მუშაობს და იღებს კანონებს სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ამას ნამდვილად უნდა ვცეთ პატივი, თუმცა მეორეს მხრივ, არგუმენტების სისუსტე ფაქტია. ფაქტია, რომ ევროკავშირს უჭირს, თუნდაც დიალოგში შემოსვლა, თუნდაც კანონებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ორი წლის განმავლობაში, ხომ შესაძლებელი იყო, რომ თუკი არსებობდა სურვილი პოლიტიკური დიალოგის, მოძებნილიყო რაღაც პლატფორმა, სადაც, ვთქვათ, თუკი პრობლემას კანონი წარმოადგენს, ამ კანონზე, თუნდაც ერთი შეხვედრა და ერთი არსობრივი დისკუსია მომხდარიყო და მოგვესმინა ვინმესგან ორი წლის განმავლობაში, თუ რა ნაწილში არის ეს კანონი მიუღებელი,“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, იგრძნობა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული მიდგომები შეცვლილია, განსაკუთრებით, EU-ის წევრ ქვეყნებში ფიქსირდება პოზიცია, რომ ისინი არ ემხრობიან „ბრიუსელის ერთგვარ გაბუტულობის პოლიტიკას და არსაუბრის და დიალოგის არ ქონის პოლიტიკას“, თუმცა, ბოჭორიშვილის თქმით, ბრიუსელს უჭირს დიალოგის დაწყება და უკან დახევა.
„არიან ქვეყნები ან არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ წინაპირობები დააყენონ იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი განახლდეს, რაც არის სრულიად მიუღებელი“, – თქვა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, განცხადებები, ევროკავშირის დოკუმენტები, ევროკავშირის გადაწყვეტილება დიალოგის შეჩერებასთან დაკავშირებით ერთგვარი წინაპირობების არსებობაზე მიუთითებს.
ბოჭორიშვილს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, რომ „ამ დღეებში განსაკუთრებული სიხშირით კეთდება განცხადება, რომ საქართველო მზად არის დიალოგისთვის“, რასაც მოჰყვა ოპონენტების ინტერპრეტაცია, რომ თბილისი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიალოგი აღდგეს და წავა დათმობებზე. არის თუ არა ასე?
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ საუბრებში ახალი არაფერია და საქართველოს უარი დიალოგზე არასდროს უთქვამს, უბრალოდ ბოლო პერიოდში სავიზო რეჟიმზე დიალოგმა გაააქტუალურა ეს საკითხი და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ღიაობა.
„ვერ დაგეთანხმებით ამაში. აქ ახალი არაფერი არ არის, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან არც მზაობა აკლდა დიალოგს და არც სურვილი. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ არ გვინდა თქვენთან საუბარი და ჩვენ შევწყვიტეთ ევროკავშირთან დიალოგი.
პირიქით, პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო ასეთი, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ამაზე მეტი ღიაობის გზავნილი რა შეიძლება ყოფილიყო ქართული მხრიდან. ასეთი იყო გზავნილი მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული ქვეყნები უსამართლო სანქციებს აწესებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და მათთან არ გაგვიჩერებია ასე ვთქვათ და არ გამოგვიხატავს რადიკალური პოზიციები მათთან მიმართებაში და მით უმეტეს ბრიუსელთან ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენ არ დაგელაპარაკებით, ჩვენ ვწყვეტთ დიალოგს.
ჩვენ მუდმივად ვაკეთებდით აქცენტს, რომ ჩვენ ერთგულები ვართ იმ შეთანხმების, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს ხელმოწერილი, ეს არის ასოცირების შეთანხმება. ასოცირების შეთანხმებას აქვს თავისი ჩარჩო დიალოგის და პირიქით, ეს არის ევროკავშირის მხარე, რომელიც არღვევს ამ შეთანხმებას ზუსტად იმით, რომ დიალოგი აქვს შეჩერებული საქართველოსთან.
უბრალოდ ბოლო პერიოდში რადგან სავიზო საკითხებზე შედგა დიალოგი, გარკვეული საუბრებიც გააქტიურდა ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მოგვიწია სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა ფორმატებში დაგვეფიქსირებინა ის, რასაც წლებია ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ეს ნაკლებ სავარაუდოა და საკითხი შანტაჟის იარაღად გამოიყენება.
„ეს საკითხი დევს მაგიდაზე და შანტაჟის მექანიზმად ჯერ კიდევ ვალიდურია, რომ გამოიყენებოდეს და გამოიყენება. ეს, რა თქმა უნდა, მათ ხელშია, როცა უნდათ ამ მექანიზმს გამოიყენებენ.
უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს ქართული საზოგადოების მიმართ ევროკავშირის მხრიდან, მაშინ, როდესაც სულ სხვაგვარად სხვაგვარი გზავნილები გვესმის, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და, იმავდროულად, აშანტაჟებენ საქართველოს იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებით.
კიდევ ერთხელ, არაერთხელ მითქვამს, რომ ნაკლებად სავარაუდოა. ეს არის შანტაჟის საკმაოდ ეფექტიანი მექანიზმი, მოდი, ასე ვთქვათ, ანერვიულებენ ხალხს, გარკვეულწილად, ნაწილს საზოგადოების ამით.
თუმცა, მე არ მგონია, რომ თუნდაც რომ გამოიყენონ ეს მექანიზმი, ის შედეგი ჰქონდეს, რისთვისაც სურთ, რომ გამოიყენონ ეს მექანიზმი.
ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა საკმაოდ მტკიცე პოზიცია. ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, ძალიან ბევრი ზეწოლა იქნა გამოყენებული ჩვენს საზოგადოებაზე იმისათვის, რომ გავლენა მოეხდინათ ჩვენი საზოგადოების პოზიციებზე და მე ვფიქრობ, საქართველომ თავისი სათქმელი თქვა, ქართულმა საზოგადოებამ თქვა თავისი სათქმელი, რად უღირს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და სუვერენული თავისუფლება, თუნდაც ამ კონტექსტში, რომ ჩვენი თავი, ასე ვთქვათ, ჩვენივე ქვეყანა ჩვენვე გვეკუთვნოდეს და ჩვენივე გვქონდეს ჩვენვე გვქონდეს ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და უფლება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრი არ ფიქრობს, რომ „მთლად ასე გონებადაკარგულ მდგომარეობაში არის ბრიუსელი, რომ ქართული საზოგადოება ამ ფორმით დასაჯოს იმისათვის, რომ უბრალოდ მათ საკუთარი ქვეყნისთვის უნდათ მშვიდობა და სტაბილურობა.“
16 ივნისს, ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ქართულმა მხარემ ლუქსემბურგს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხი დააყენოს.
სამხარაძის თქმით, საქართველო მზად არის კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ. მისივე განცხადებით, ლუქსემბურგის მხარემ ქართული დელეგაციის პოზიცია კონსტრუქციულად მიიღო.