დღეს ევროპარლამენტი კენჭს უყრის ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოს შესახებ 

პუბლიკა

განახლება: ევროპარლამენტმა 436 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია. წინააღმდეგ მისცა ხმა 145-მა.

დღეს, 17 ივნისს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოს შესახებ.

ანგარიშს საქართველოს შესახებ მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს.

ანგარიშის პროექტის განმარტებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებულია საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, „რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“.

რეზოლუციაში ნახსენებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მითითებულია, რომ ის კვლავ გავლენიან ინსტიტუტად რჩება ქართულ საზოგადოებაში. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების არხებად გამოყენების გამო მთელ საქართველოში, რაც მიზნად ისახავს პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მედეგობის შერყევას;

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში ზოგიერთი სასულიერო პირი წინ აღუდგა მსგავს ინსტრუმენტალიზაციას და ღიად დაუპირისპირდა როგორც რუსულ გავლენას, ისე „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკას;

დოკუმენტში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეპარქიები და თემები ევროკავშირშიც არიან წარმოდგენილნი, რაც მიუთითებს ტრანსნაციონალური დეზინფორმაციული მცდელობების მიმართ სიფხიზლისა და მედეგობის აუცილებლობაზე.

დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლება მოხსენიებულია, როგორც დე ფაქტო.

ანგარიშის პროექტით დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება.

ევროპარლამენტი ინარჩუნებს თავის წინა პოზიციებს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით და ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან.

ასევე კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოს დაბალი თანხვედრა ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკასთან და აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას.

ევროპარლამენტი ღრმა იმედგაცრუებით აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეატრიალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი.

ანგარიშში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შეფასებულია როგორც გაყალბებული, რის შემდეგაც, ევროპარლამენტის აზრით, ხელისუფლებამ ავტორიტარული ტენდენციები გააძლიერა.

ასევე, გამოთქმულია შეშფოთება სასამართლოს, პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე.

ანგარიში კრიტიკულად აფასებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებსა და 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობას.

ანგარიშით მოთხოვნილია პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლება, ასევე გამოთქმულია შეშფოთება ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, ანგარიშით ევროპარლამენტი გმობს რეპრესიულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის უცხოურ დაფინანსებას, მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და მედიის დასუსტებას და „ოცნებას“ ამ კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

ანგარიშით ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს (OSCE) მიერ მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით, რაც იძლევა შესაძლებლობას, საქართველოში გაიგზავნოს ექსპერტთა მისია ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად ითანამშრომლოს ექსპერტთა მისიასთან;

დოკუმენტით ევროპარლამენტი მოითხოვს, სანქციები დაუწესდეთ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს, ასევე მოსამართლეებს, პროკურორებისა და სხვა იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე.

ანგარიშით ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს სანქციების დაწესებას პროპაგანდისტული მედიებისთვის: „იმედისთვის“, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2-ისთვის“, ასევე აკრედიტაციების შეჩერებას მათი წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებში – ანგარიშში დაგმობილია ამ ტელევიზიების მხრიდან განმეორებითი თავდასხმები ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართ.

ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს, ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება, დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ წაქეზება და ანტიევროპული მტრობის ორკესტრირება არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ ჟურნალისტიკად, რომელიც დაცულია მედიის თავისუფლებით, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს ავტორიტარული კონტროლის განმტკიცებასა და საქართველოს იზოლირებას მისი ევროპული გზიდან.

ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უარის თქმის შემდეგ, „ქართული ოცნება“ სტრატეგიულად ტრიალდება ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია მზარდი ზეწოლა განათლების რეფორმაზე და უნივერსიტეტების ავტონომიის შელახვის მცდელობები, რაც გამოწვეულია „ქართული ოცნების“ ინიციატივით „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიული დებატების, სამოქალაქო ჩართულობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ტრაექტორიის მხარდამჭერი ერთ-ერთი საკვანძო ინსტიტუციური საყრდენის დასუსტებას და რისკის ქვეშ აყენებს განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას; ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და აკადემიურ სექტორზე აჩვენებს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასა და აკადემიურ თავისუფლებაზე ზეწოლის უფრო ფართო ტენდენციას;

ანგარიშში ასევე „განსაკუთრებული შეშფოთებით არის აღნიშნული ქვეყანაში ირანის მზარდი გავლენა, კერძოდ, რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ახალგაზრდობის მობილიზაციისა და იმ ეკონომიკური სტრუქტურების მეშვეობით, რომლებიც ირანს სანქციებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს“.

ამასთან, ევროპარლამენტი „შეშფოთებულია საქართველოში მოქმედი ირანულ რეჟიმთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტორების მზარდი გავლენით“, ანგარიშში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ეს „აქტორები შესაძლოა გამოყენებულ იქნენ ფინანსური სანქციების გვერდის ავლისთვის, ფულის გათეთრებისა და ირანული საქონლის უკანონო ექსპორტისთვის, რაც კორუფციისა და მიკერძოებული სახელმწიფო ტენდერების გზით სარგებელს მოუტანს როგორც ირანის რეჟიმთან, ისე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებს“.

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს პორტები, ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა და ნავთობტერმინალები შესაძლოა გამოყენებული იყოს რუსული ნავთობპროდუქტების რეექსპორტისა და შერევისთვის, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას უწყობს ხელს.

რეზოლუციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც, გავრცელებული ცნობებით, რუსული ნედლი ნავთობი შედის. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა და უზრუნველყოს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სანქციების გვერდის ასავლელად არ იქნას გამოყენებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყულევის ნავთობტერმინალი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში არ მოხვდა საქართველოს ხელისუფლებისა და ტერმინალის ოპერატორის მიერ სანქციების მკაცრად შესრულების შესახებ მიცემული გარანტიების საფუძველზე, თუმცა ევროპარლამენტი მისი მომავალში დასანქცირების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ეს ვალდებულებები არ შესრულდება.

ევროპარლამენტმა 17 ივნისს მიღებული რეზოლუციით გამოხატა შეშფოტება ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შედეგებზე.

კერძოდ, რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია სოციალურ და გარემოსდაცვით პრობლემებზეა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში ექსპორტისთვის მანგანუმის მოპოვებამ რეგიონში მეწყერები გამოიწვია, დააბინძურა მიმდებარე გარემო და შრომითი უფლებების დარღვევებს შეუწყო ხელი.

რეზოლუციის თანახმად, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამთო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები პირდაპირ მდინარე ყვირილაში ჩაედინება. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ მანგანუმის მოპოვების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თვალთვალის, დაშინებისა და დაკავების შემთხვევებზე საუბრობენ.

ევროპარლამენტი ასევე მიუთითებს კორპორაციული მდგრადობის სათანადო შემოწმების დირექტივაზე (CSDDD), რომელიც ევროპულ კომპანიებს ავალდებულებს, თავიანთ მიწოდების ჯაჭვებში უზრუნველყონ ადამიანის უფლებების პატივისცემა, ღირსეული სამუშაო პირობები და გარემოს დაცვა.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს ჭიათურის რეგიონში არსებული მდგომარეობის გამო და CSDDD-ის სრულად განხორციელებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ევროკავშირს პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ისე იმ გარემოს დაცვაზე, რომელიც ევროკავშირის ბაზრისთვის ნედლეულის მოპოვების შედეგად დაზიანდა.